მთავარიEuropean Unionევროპარლამენტმა „მერკოსურის” ქვეყნებთან ევროკომისიის გადაწყვეტილება გაყინა

ევროპარლამენტმა „მერკოსურის” ქვეყნებთან ევროკომისიის გადაწყვეტილება გაყინა

ევროპულმა პარლამენტმა „მერკოსურის“ ქვეყნებთან სულ ახლახან გაფორმებული შეთანხმება გაყინა და ევროპულ სასამართლოს გადაუგზავნა. ეს იმისთვის, რომ გადამოწმდეს მისი შესაბამისობა ევროკავშირის ძირითად ხელშეკრულებებთან.

საქმე ისაა, ევროკავშირის მიერ არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისთან, ჩილესთან, ურუგვაისთან თუ სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანასთან გაფორმებული სადავო გარიგებით, არსებობს მექანიზმი, რომელიც „მერკოსურის“ ქვეყნებს აძლევს საშუალებას, გაასაჩივრონ ბრიუსელში მიღებული კანონმდებლობა, თუ  ლათინური ამერიკის ამ ქვეყნებს ბაზარზე წვდომაში შეაფერხებს. ეს ევროპელების ნაწილს არ მოსწონს, რადგან საფრთხეების ფართო სურათს ხედავენ.

ევროპული პარლამენტის გადაწყვეტილება თავის მხრივ ამ ისტორიული სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას ხელშესახებად შეაფერხებს და შესაძლოა გავლენა იქონიოს მის საბოლოო დამტკიცებაზეც.

როგორც მოსალოდნელი იყო, საკითხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ნათლად გამოჩნდა. 334 მომხრე და  324 წინააღმდეგი – ასეთია კენჭისყრის შედეგი, თავი მხოლოდ 11-მა ადამიანმა შეიკავა.

თავის მხრივ ევროკომისიას აქვს ბერკეტები დროებით აამოქმედოს გარიგება, იმ არგუმენტით, რომ ეს გადაწყვეტილება ბლოკის წევრი ქვეყნების მიერაა მხარდაჭერილი.

„ევროკომისიამ სინანული გამოთქვა კენჭისყრის შედეგების გამო. ჩვენი ანალიზით, პარლამენტის მიერ ამ გადაწყვეტილებაში წამოჭრილი საკითხები არ არის დასაბუთებული, რადგან კომისიამ ამ წუხილს უკვე დეტალურად უპასუხა”, – განაცხადა საკითხის შეფასებისას ევროკომისიის პრესსპიკერმა ოლოფ გილმა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ „მერკოსურის“ ქვეყნებთან ევროკავშირმა შეთანხმება 17 იანვარს გააფორმა. ის ორ რეგიონს შორის ვაჭრობის განვითარებასა და 700 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას გულისხმობს. ეს კი ევროპაში სადავო საკითხად იქცა, განსაკუთრებით საფრანგეთისა და პოლონეთის ღია წინააღმდეგობის ფონზე. თავად შეთანხმების მომხრეების გარიგება კარგ შესაძლებლობად ესახებათ ევროპული მრეწველობისა და გეოსტრატეგიული პოზიციების გამყარებისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დიდ და აქამდე სანდო საყრდენთან, აშშ-სთან ცვალებადი ურთიერთობების ფონზე.

ევროპის მთავარი სასამართლოსთვის მიმართვა ავტომატურად აჩერებს ევროპარლამენტში საკითხის დამტკიცების პროცესს. საბოლოო კენჭისყრა უახლოეს თვეებში იყო ჩანიშნული. სასამართლოს მხრიდან კი განაჩენს შესაძლოა წელზე მეტიც კი დასჭირდეს, ამ დროის მანძილზე გარიგება გაყინული იქნება.

საგულისხმოა, რომ კენჭისყრამდე სტრასბურგის ქუჩებში ათასობით ფერმერი შეიკრიბა, რომლებიც ამ შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან და ადგილობრივი წარმოებისთვის გარიგების მავნე მხარეებზე ამახვილებენ  ყურადღებას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend