„ამას გაიგებთ“, – ამ სიტყვებით უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კითხვას იმის თაობაზე, თუ რისთვის არის მზად, რათა გრენლანდიას დაეუფლოს. დონალდ ტრამპი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრებამდე თეთრ სახლში მედიასთან მოულოდნელად გამოჩნდა.
მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მოკავშირეები „რაღაც გზას მოძებნიან“ და შეთანხმებას მიაღწევენ. ამ შეთანხმებით კი, პრეზიდენტის განმარტებით, ნატოც და ამერიკის შეერთებული შტატებიც კმაყოფილი დარჩებიან.
დონალდ ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა თქვა, რომ გრენლანდიის საკითხზე ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი და მისი აზრით, „ყველაფერი კარგად დასრულდება“.
„სიმართლე გითხრათ, მათთან ჯერ არ მისაუბრია. როცა ვისაუბრებთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან გახარებულები იქნებიან“, – ასეთი იყო დონალდ ტრამპის პასუხი კითხვაზე, თუ რა აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს უფლებას, თვითგამორკვევის შესაძლებლობა წაართვას გრენლანდიელებს, რომლებმაც ცალსახად განაცხადეს, რომ არ სურთ ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდნენ.
ხოლო კითხვას, არის თუ არა დონალდ ტრამპი მზად იმისთვის, რომ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილი ნატოს განადგურების ფასად დაუჯდეს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა.
„ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ვფიქრობ, მოხდება რაღაც, რაც ყველასთვის ძალიან კარგი იქნება. როგორც ადრეც მითქვამს, ნატოსთვის ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია – ყველა თვალსაზრისით. მათთვის ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზრდა იყო ის, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა. 2%-ს არ იხდიდნენ. 5%-ს კი იხდიან. ისინი ჩვენგან ბევრ რამეს ყიდულობენ და, როგორც ჩანს, უკრაინას აძლევენ. ეს მათი გადასაწყვეტია, ვის მისცემენ – უკრაინას თუ სხვას – მაგრამ ფაქტია, რომ ბევრს ყიდულობენ. მე ვფიქრობ, მივაღწევთ რაღაც შეთანხმებას, რომლითაც ნატოც ძალიან კმაყოფილი იქნება და ჩვენც. მაგრამ ჩვენ ეს უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება – ფინანსური უსაფრთხოებისთვის, და ზოგადად, მსოფლიო უსაფრთხოებისთვისაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა თქვა ისიც, რომ მან ნატო ძალიან გააძლიერა და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ალიანსი სუსტია.
„მე ნატოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ბევრად უკეთესი და ბევრად ძლიერი გავხადე. ახლა ყველაფერი ძალიან კარგია. ნატო ახლა ბევრად უფრო ძლიერია. არ ვეთანხმები ბევრ რამეს, რაც მათ გააკეთეს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს მოსვლამდე ხდებოდა. ვფიქრობ, ნატო კარგია. ზოგჯერ გადაჭარბებულად ფასდება, ზოგჯერ – არა, მაგრამ ჩვენ ძლიერი ნატო გვაქვს. როდესაც აქ მოვედი, ალიანსი სუსტი იყო. 2%-იანი იყო და ისინი არ იხდიდნენ. ალიანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მოგწონთ ეს თუ არა, ნატო მხოლოდ იმდენად არის ძლიერი, რამდენადაც ჩვენ ვართ. თუ ჩვენ არ ვეყოლებით, ძალიან ძლიერი არ იქნება“.
სულ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვის, საფრანგეთისა და გერმანიისთვის ახალი ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა. ეს მისი პასუხია ამ ქვეყნების მიერ სოლიდარობის ნიშნად გრენლანდიაზე სამხედროების გაგზავნაზე.
ტრამპმა უარყო, რომ ევროკავშირთან გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას საფრთხეს უქმნის. „მათ ეს შეთანხმება ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამშაბათს, 20 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ ევროკავშირის პასუხი ტრამპის მუქარაზე „ურყევი, ერთიანი და პროპორციული“ იქნება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გრენლანდია ჩინეთისა და რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შესაკავებლად სჭირდება.

