რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანა კიდევ ერთი მასშტაბური საჰაერო შეტევა, რომლის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულ-ირანულ „შაჰედებთან” გასამკლავებლად საჰაერო ძალების მეტი ძალისხმევაა საჭირო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განმარტა, რომ უკრაინას აქვს საკმარისი რესურსი შეტევების შესაჩერებლად, თუმცა პრობლემა ორგანიზებაა. მისი თქმით, ქვეყნის განკარგულებაშია საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მობილური საცეცხლე ჯგუფები და F-16-ის გამანადგურებლები, მაგრამ საჰაერო ძალების ოპერაციები სხვა ფორმით უნდა დაიგეგმოს.
„„შაჰედების“ წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა არასაკმარისია: გვაქვს გამანადგურებლები, ჩართული არიან მნიშვნელოვანი ძალები — მობილური საცეცხლე ჯგუფები, ხელმისაწვდომია F-16-ებიც, მაგრამ საჰაერო ძალების ოპერაციები მეტად უნდა იყოს ორგანიზებული. ამ ვითარებას თავდაცვის მინისტრთან ერთად განვიხილავთ და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ. ვესაუბრე ჩვენს დელეგაციას – რუსტემ უმეროვს, კირილო ბუდანოვსა და დავით არახამიას. ისინი აქტიურად მუშაობენ ამერიკულ მხარესა და ევროპელ წარმომადგენლებთან. საჰაერო თავდაცვის რაკეტები, იარაღი ყოველდღიურად არის საჭირო. აღდგენისთვის აუცილებელი ტექნიკა და რეზერვებიც მუდმივად გვჭირდება. თუ „დავოსის ფორმატი“ რეალურ შედეგებს მოგვცემს, უკრაინაც შესაბამისად იქნება წარმოდგენილი. არავის არგებს ცარიელი პოლიტიკა და საუბრები შედეგების გარეშე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში წელს ერთ-ერთ ყველაზე ცივი ზამთარია. კიევში ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა. პარალელურად, რუსეთმა გააძლიერა საჰაერო იერიშები უკრაინის ენერგოსისტემაზე. მისი მიზანია, მოსახლეობა გათბობისა და წყლის გარეშე დატოვოს და ქვეყნის წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეასუსტოს. როგორც ცნობილია, მოსკოვმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
ამ ფონზე, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამერიკის ლიდერობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები გაგრძელდეს. უკრაინიდან დელეგაცია მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში 17 იანვარს ჩავიდა. ზელენსკის განცხადებით, მათი მთავარი მიზანია, ამერიკულ მხარეს აუხსნან, რომ რუსეთის იერიშები დიპლომატიურ პროცესს სერიოზულად აზიანებს.
„მხოლოდ კიევში მილიონზე მეტ მომხმარებელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაახლოებით 4 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსია გათბობის გარეშეა დარჩენილი. ყველა ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს არასტანდარტული წინადადებები, როგორ დავიცვათ სიცოცხლე, როგორ გადავაწყოთ ოპერაციები, როგორ დავეხმაროთ ხალხსა და ბიზნესს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას მოუწოდა, ყველა რესურსი მიმართოს მოსახლეობისთვის არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად და შეიმუშაოს სწრაფი, არასტანდარტული გადაწყვეტილებები ადამიანების, ბიზნესისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

