იცით თუ არა, რომ შენობებზე, რომლებიც ჩვენ ირგვლივაა და რომლებშიც ვცხოვრობთ, ევროპის ენერგომოხმარების 40% მოდის? ევროპა რომ კლიმატნეიტრალური გახდეს 2050 წლისთვის, შენების სტანდარტი უნდა შევცვალოთ. ნაწილობრივ ასეც ვიქცევით, მაგრამ მაინც როგორ და რამდენად განსხვავებულად უნდა ვაშენოთ? – ამის გარკვევა ევრონიუსმა იტალიაში სცადა.
კომპანია Olla Home Solution ტოსკანური სამშენებლო კომპანიაა, რომელიც 2025 წელს ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის რიცხვში დაასახელეს – მისი შემოსავალი 2020-2023 წლებში 400%-ით გაიზარდა. ეს კომპანია, რომელიც ეკოლოგიურ და ენერგოეფექტური მშენებლობის მიმართულებით მუშაობს, პანდემიის პიკში დაარსდა.
„გვინდოდა დამატებითი მომსახურება შეგვეთავაზებინა მზარდი ბაზრისთვის, რომელსაც უამრავი სერვისი აკლდა,“ – ამბობს OLLA HOME SOLUTION-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი სამუელ ოლა. „რადგან არცერთი ბაზრის მოთამაშე არ სთავაზობდა სრულ 360-გრადუსიანი სერვისის პაკეტს“.
კომპანიამ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაც დაიწყო, რაც სწორი სვლა გამოდგა. კომპანიამ გათვლა საგადასახადო შეღავათზე გააკეთა, რომელიც იტალიის მთავრობამ კოვიდის შემდეგ ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად შემოიტანა. სუპერბონუსი ფარავდა შენობის ენერგოეფექტურობასა და სეისმური მდგრადობის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის 110%-ს. ეს დიდი სტიმული გამოდგა სამშენებლო სექტორისთვის, თუმცა სახელმწიფოსთვის აღმოჩნდა საკამათო ნაბიჯი, ძვირი დაუჯდა.
„ეს, ასე ვთქვათ, ძალიან რთული ბაზარი იყო, რადგან სულ რაღაც სამ წელიწადში დაახლოებით 90 ცვლილება შევიდა რეგულაციებში. და არავის შეეძლო სრული მომსახურების შემოთავაზება – პროექტის დიზაინი იქნებოდა ეს თუ და ყველა სამუშაოს შესრულება. ამიტომ ჩვენ გამოვედით, როგორც წამყვანი მოთამაშე, რომელიც კლიენტებს მშენებლობის წამახალისებელ ამ უამრავ რეგულაციაშიც გაარკვევდა“, -განმარტავს სამუელ ოლა.
მწვანე სახლი მხოლოდ ბუნებრივი მასალებისგან აშენებას არ ნიშნავს, ის ნაკლებ ენერგიასაც უნდა მოიხმარდეს, რაც შეიძლება მეტად უნდა აკავებდეს სითბოს და იყენებდეს განახლებად ენერგიას. 2030 წლიდან ყველა შენობას ე.წ. ნულოვანი ენერგიის (NZEBs) კოეფიციენტი უნდა ჰქონდეს.
მწვანე შენობები ევროპაში ნიშურ სექტორად რჩება, თუმცა ის დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. არსებული პროგნოზით, მწვანე შენობების ბაზარი 2034 წლისთვის უნდა გაორმაგდეს. Olla Home Solution მსგავსი კომპანიების მაგალითი ადასტურებს, რომ ეს ტრანსფორმაცია უკვე მტკიცეა და მზარდი.
ავტორი: მონიკა პინა

