მსხვერპლით დასრულდა მორიგი სარკინიგზო ავარია ესპანეთში. ქალაქ ბარსელონიდან რამდენიმე კილომეტრში მატარებლის ლიანდაგების გასწვრივ არსებული დამცავი კედელი ვაგონს დაეცა, რამაც, სულ მცირე, 1 პირის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, დაშავებულია 37 მოქალაქე, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
„მძიმედ დაშავებულთაგან ერთ-ერთი ნანგრევების ქვეშ იყო გაჭედილი. მის გასათავისუფლებლად დამატებითი ზომების მიღება დაგვჭირდა. რთული ამოცანა იყო, თუმცა დროულად შევძელით მისი გათავისუფლება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“, – განაცხადა კატალონიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსპექტორმა, კლაუდიო გალარდომ.
ესპანეთის სარკინიგზო კომპანიის განცხადებით, დამცავი კედლის ჩამოშლა, სავარაუდოდ, გამოიწვია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გასული კვირის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა. მათივე ცნობით, ამ სარკინიგზო მონაკვეთზე მატარებლების გადაადგილება, უსაფრთხოების მიზნით, გაურკვეველი დროით შეიზღუდა.
უბედური შემთხვევა მოხდა იმ ფონზე, როდესაც ესპანელი ხალხი 18 იანვარს, ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფისას დაღუპულებს გლოვობს.
ესპანეთის სამხრეთით, ადამუსში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლისა და საპირისპიროდ მოძრავ შემადგენლობასთან შეჯახების შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა, სულ მცირე, 42-ს შეადგენს, ათობით პირი დაშავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, რომლებიც ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა მოინახულეს, მანამდე კი ტრაგედიის ადგილზეც მივიდნენ.
„პირველ რიგში, აუცილებელია, აღვნიშნოთ ყველა იმ პირის პროფესიონალიზმი და თავდადება, ვინც, განურჩევლად წარმოშობისა, ამ საგანგებო ვითარებაში მოქმედებდა. ასევე უნდა ითქვას ადგილობრივი ადმინისტრაციის მისწრაფებებზე, რომელიც ცდილობდა ყველა შესაძლო რესურსისა და შესაძლებლობის ამოქმედებას, რაც საგანგებო ვითარებაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ესპანეთის მეფემ ფილიპე მეექვსემ.
„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღიარება საერთო დაუცველობისა და იმ ფაქტისა, რომ ბევრმა სპეციალისტმა და მაცხოვრებელმა ისურვა ამ ადამიანების დახმარება და ყველაფრის გაკეთება, რაც მათ ძალებში იყო“, – განუცხადა ადგილობრივ მედიას ესპანეთის დედოფალმა, ლეტიციამ.
როგორც წესი, ესპანეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ევროპაში ერთ-ერთ უსაფრთხოდ არის შეფასებული და შეუფერხებლადაც მუშაობს, თუმცა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში მისი სანდოობის თვალსაზრისით არსებული სტატისტიკა, დიდი ალბათობით, გაუარესდება, მითუმეტეს დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გათვალისწინებით.

