მთავარიევროპაუკრაინა„უახლოეს დღეებში დიდი ყურადღება გვმართებს” - ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს

„უახლოეს დღეებში დიდი ყურადღება გვმართებს” – ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს

კიევში მოსკოვის მასობრივი იერიშისთვის ემზადებიან. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, საფრთხიდან გამომდინარე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალები ახალ მიდგომაზე გადადიან. სისტემური ტრანსფორმაციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ  საჰაერო ძალების მეთაურის ახალ მოადგილედ პავლო იელიზაროვი დანიშნა. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრსა და სამხედრო მეთაურობასთან ერთად ჩამოყალიბდება ახალი ორგანო, რომელიც გარკვეული ტიპის საჰაერო თავდაცვის ჩამოყალიბებაზე იმუშავებს.

„უახლოეს დღეებში ძალიან დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. რუსეთი უკვე მოემზადა მასიური იერიშისთვის და ახლა ელის მომენტს, თუ როდის განახორციელოს ის. გთხოვთ, მიაქციეთ დიდი ყურადღება საჰაერო განგაშის თითოეულ სიგნალს, თითოეული რეგიონი უნდა იყოს მზად, რაც შეიძლება სწრაფად უპასუხოს მას და დაეხმაროს თავის მოსახლეობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ახალი მიდგომის ფარგლებში გათვალისწინებულია მობილური სახანძრო ჯგუფების ოპერირება, დრონსაწინააღმდეგო სისტემებისა და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო სხვა ელემენტების გაძლიერება.

ცივი ზამთრის ფონზე რუსეთმა უკრაინაზე იერიშები ინტენსიური გახადა. კრემლის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, ქვეყნის მასშტაბით მათი სარემონტო სამუშაოები თითქმის ყოველდღიურად გრძელდება. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათასობით მოქალაქე ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend