მთავარიმსოფლიო„აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე” - დონალდ ტრამპი ნორვეგიის პრემიერს

„აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე” – დონალდ ტრამპი ნორვეგიის პრემიერს

აშშ-ის პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გარეშე დარჩენის შემდეგ მას აღარანაირი საჭიროება არ აქვს, იფიქროს მშვიდობაზე. დონალდ ტრამპმა ჯილდოს მოპოვებაში განცდილ მარცხში სწორედ ნორვეგიელი ლიდერი დაადანაშაულა.

„თქვენი ქვეყნის გათვალისწინებით, რომელმაც გადაწყვიტა, არ მომცეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, მე, რომელმაც 8-ზე მეტი ომი დავასრულე, აღარ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ვიფიქრო მხოლოდ მშვიდობაზე“, – მისწერა აშშ-ის პრეზიდენტმა იონას გარ სტიორეს. ამ კორესპონდენციის ავთენტურობა უკვე დაადასტურა წერილის ადრესატმაც.

„ამ წერილისთვის არ მიპასუხია, მსურდა ამაზე ტელეფონით მესაუბრა, ფინეთის პრეზიდენტთან ერთად, რომელთანაც მჭიდროდ ვმუშაობ. ეს კი შეუძლებელი აღმოჩნდა. პასუხად, მე მივანიშნე, რომ ამგვარი საუბარი ჩვენი მხრიდან ბრძნული იქნებოდა. თუ დავოსში საშუალება მომეცემა, მას გავესაუბრები. რაც შეეხება წერილს, მისი გზავნილის თითოეულ ნაწილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ის შეწუხებულია ნობელის პრემიის კომიტეტის გადაწყვეტილებით. მე მას ავუხსენი, რომ ეს ნორვეგიის კომიტეტის ჯილდოა და არა ნორვეგიის მთავრობის. ზოგადად ვთვლი, რომ თუ ლიდერები ფოკუსირებულები არიან ნობელის პრემიის მიღებაზე, ეს ცუდი სულაც არ არის, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რამე ისეთის გაკეთების ინტერესი, რაც მშვიდობის პრემიას იმსახურებს, მაგრამ ეს არ არის რაღაც, რასაც მე ვწყვეტ და მსურს ამას ხაზი გავუსვა“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დიდი ხანია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიღებაზე ჰქონდა  ამბიცია გამოთქმული, ამ ტიტულს ადამიანებს ნორვეგიაში ნობელის კომიტეტი გასცემს, რაც მთავრობისგან გამიჯნულად მუშაობს. გასულ კვირას ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ, საკუთარი მედალი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს გადასცა. ამ ფაქტზე ნობელის პრემიის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მშვიდობის დარგში პრემიის უკან გაწვევა, გადაცემა ან გაზიარება არ ხდება.

„არ მანაღვლებს ნობელის პრემია. პირველ რიგში არაჩვეულებრივმა ქალმა ჩათვალა, რომ მე მას ვიმსახურებდი და სურდა, ის მე მქონოდა. ამას ძალიან ვაფასებ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნორვეგია არ აკონტროლებს ნობელის პრემიას, ისინი ალბათ უბრალოდ ხუმრობენ. მათ ჰყავთ ბორდი, მაგრამ, ეს კონტროლდება ნორვეგიის მიერ. არ მანაღვლებს არც ის, თუ რას ამბობს ნორვეგია. რაც მანაღვლებს არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მე კი ვთვლი, რომ ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენი“, – პასუხობს ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი ხშირად იწონებს თავს იმით, რომ 8 ომი დაასრულა, რაც მეტწილად გაზვიადებული შეხედულებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი მტკიცედ მიიჩნევს, რომ როგორც მშვიდობისმყოფელი, ნობელის პრემიას იმსახურებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend