მთავარიმსოფლიოდავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადება

დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადება

დავოსი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადება. პოლიტიკური და ბიზნესელიტის ყოველწლიური შეხვედრა მაშინ იმართება, როცა ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის, ეკონომიკური მოდელისა და უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.

განსაკუთრებული ყურადღება კი შუა კვირაზეა მიმართული – პირველად ექვსი წლის შემდეგ დონალდ ტრამპი სამიტზე, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 21 იანვარს, გამოჩნდება გრენლანდიის დაუფლების მცდელობის, ევროპელი მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესების მუქარისა და ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციის ფონზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში, 18 იანვარი, 2026 წელი Copyright AP

დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს პირდაპირ მიმართავს. იგი „აუცილებლად გაუსვამს ხაზს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უნდა დაემშვიდობონ ეკონომიკურ სტაგნაციასა და იმ პოლიტიკას, რომელმაც იგი გამოიწვია“, – ამბობენ თეთრ სახლში.

დონალდ ტრამპის მუქარა ტარიფებთან დაკავშირებით შეშფოთების მიზეზი გახდა ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებიც შტატების პრეზიდენტის მცდელობას გრენლანდიაზე კონტროლის მისაღებად ნატოს საფუძვლების შელახვად და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩამოყალიბებული მეგობრობისთვის საფრთხედ აფასებენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნატოს წევრი რვა ქვეყნის მიერ ერთობლივი განცხადების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ გრენლანდიის საკითხის გადაჭრისთვის მუშაობა გრძელდება და რომ იგი მოუთმენლად ელის დავოსში დონალდ ტრამპთან შეხვედრას.

სამიტის დღის წესრიგის ნაწილი იქნება უკრაინაც. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ დავოსში დონალდ ტრამპს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ახალი უსაფრთხოების გარანტიების ხელმოსაწერად შეხვდება. უკრაინის საკითხზე დისკუსიებს გეგმავენ დიდი შვიდეულის ლიდერებიც.

ვაშინგტონიდან დავოსში წელს ისტორიაში ყველაზე დიდი დელეგაცია ჩავა. წევრები სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი არიან.

თეთრი სახლის განცხადებით, ორმხრივი შეხვედრები ჯერ დაგეგმილი არ არის, თუმცა ის ფაქტი, რომ უიტკოფი და კუშნერი დავოსში ჩავლენ, ბევრისთვის იმის ნიშანია, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეთანხმება სავარაუდოდ დავოსში გაფორმდება.

ბევრი კითხვა არსებობს ვენესუელასა და ირანთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღაჩიც იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend