მინეაპოლისში გრძელდება ფართომასშტაბიანი შეტაკება საპოლიციო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 15 იანვარს, როდესაც ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ოფიცერმა ერთ-ერთ მიგრანტს ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, სამართალდამცველებმა ავტომობილით მოძრავ ვენესუელელ მიგრანტს, რომელიც, მათი თქმით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა, გადამოწმების მიზნით, გაჩერება მოსთხოვეს, რასაც ის არ დაემორჩილა და გადაადგილება გააგრძელა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა და სატრანსპორტო საშუალების გარეშე ფეხით სცადა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა.
გამოძიების ვერსიით, ვენესუელელი მიგრანტის დაკავებისას, უცნობი პირები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ თოვლის საწმენდი ნიჩბით, რის გამოც პოლიციის ოფიცერს, თავდაცვის მიზნით, ცეცხლის გახსნა მოუწია.
მომხდარმა მინეაპოლისში ისედაც მიმდინარე საპროტესტო აქციები კიდევ უფრო მასშტაბურ შეტაკებაში გადაზარდა, რასაც ადგილობრივი უსაფრთხოების ძალებმა მორიგ ჯერზე უპასუხეს სპეციალური საშუალებების, მათ შორის ე.წ. „ცრემლმდენი გაზის“ გამოყენებით.
მინესოტის შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლცმა განაცხადა, რომ მინეაპოლისში არეულობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინტერესებშია.
„მას სურს გაურკვევლობა. დიახ, მას სურს უფრო მეტი არეულობა ჩვენს ქუჩებში. ჩვენ ვერ მივცემთ მას ამის საშუალებას. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ არსებული ვითარება ხმაურიანად, მტკიცედ, თუმცა მშვიდობიანად. მოდით, ამ ყველაფერს სიცხადე შევძინოთ.
კარგა ხანია, ეს პროცესები უკვე გასცდა საიმიგრაციო კანონმდებლობის დაცვას. ნაცვლად ამისა, ჩვენ მივიღეთ ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობის კამპანია მინესოტის მცხოვრებლების წინააღმდეგ. გასულ კვირას ამ კამპანიამ შეიწირა რენე ნიკოლ გუდის სიცოცხლე. ჩვენ ყველამ ვნახეთ ვიდეოკადრები. ვნახეთ, რა მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებულიყო მიუკერძოებელი გამოძიება და პასუხისგებაში მიეცათ რენეს სიკვდილში ეჭვმიტანილი ოფიცერი, ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იყენებს ფედერალური ხელისუფლების რესურსს, მსხვერპლსა და მის ოჯახზე თავდასხმისთვის.
საინფორმაციო საშუალებები სრულად ვერ გადმოსცემენ ქაოსის მასშტაბს. მინესოტაში ფედერალური ხელისუფლების 2 000-დან 3 000-მდე შეიარაღებული ოფიცერია გაგზავნილი. შეიარაღებული ნიღბიანი, ცუდად მომზადებული აგენტები კარდაკარ დადიან და მოითხოვენ ადამიანებისგან, მიუთითონ მათ, სად ცხოვრობენ მათი ფერადკანიანი მეზობლები. ისინი ყველაფრის განურჩევლად აჩერებენ ადამიანებს, მათ შორის ამერიკის მოქალაქეებს და მოითხოვენ საბუთების წარდგენას“.
ოპონენტების ბრალდებას უარყოფენ თეთრ სახლში და აცხადებენ, რომ არეულობის ჩასახშობად 1807 წლის „აჯანყების შესახებ“ კანონის აღდგენის მანდატი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელშია.
რამდენიმე დღით ადრე თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მასობრივი დემონსტრაციებით გამოწვეულ არეულობაში დასდო ბრალი „ულტრამემარცხენე რადიკალურ დაჯგუფებებს“.
„გუბერნატორ უოლცსა და სხვა „დემოკრატებს“, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებს შეურაცხყოფენ, ვურჩევდი, საიმიგრაციო სამსახურის აგენტთან ან სასაზღვრო პოლიციის სამსახურის აგენტთან ჭიქა ყავით დაჯდომას.
ისინი არიან ბრწყინვალე, პატრიოტი ქალბატონები და მამაკაცები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, რომლებიც ყოველდღიურად, ღირსეულად ატარებენ ფორმას და იცავენ ჩვენი ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობას. ისინი უბრალოდ ცდილობენ, უზრუნველყონ, რომ კანონი იყოს დაცული.
„დემოკრატების“ პარტია კი მათ ამცირებს. ისინი მათ ნაცისტებსა და გესტაპოს უწოდებენ, რაც, რა თქმა უნდა, იწვევს ძალადობას, რომელსაც ქუჩებში ვხედავთ. შეხედეთ მინეაპოლისიდან წამოსულ ვიდეოკადრებს.
შეხედეთ ამ ავტომობილს და მასზე არსებულ წარწერას. იქ წერია „ჯანდაბამდე გზა ჰქონია საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს“ და ეს ადამიანები სიამაყით აჩვენებენ კამერებს შუა თითების ჟესტს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა.
მინეაპოლისში მასშტაბური საპროტესტო აქციები 7 იანვრის საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურმა, მინეაპოლისში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას, ავტომობილით მოძრავ 37 წლის რენე ნიკოლ გუდის ცეცხლი გაუხსნეს – მიყენებული ჭრილობების შედეგად ის გარდაიცვალა. მოკლული წარმოშობით კოლორადოელი, ამერიკის მოქალაქე იყო და, ადგილობრივი მედიის თანახმად, საპოლიციო ღონისძიების სამიზნეთა შორის არ ყოფილა.
მრავალ პუბლიკაციასა და სოციალურ მედიაში აცხადებენ, რომ აგენტი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა, მანქანას უახლოვდება, ბრუნდება და სხვა აგენტებს 911-ში დარეკვას სთხოვს.
ამერიკის შიდა უსაფრთხოების ძალებში აცხადებენ, რომ მხოლოდ მინეაპოლისში, 2025 წლის დეკემბრის დასაწყისიდან 2 000-ზე მეტი პირი დააკავეს და ამ ღონისძიებების გაგრძელების პირობა დადეს.
მინეაპოლისში 7 იანვარს მომხდარი სროლის შემდეგ თანამდებობები დატოვეს იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორებმა.
