მთავარიამერიკავენესუელამარია კორინა მაჩადომ მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცა

მარია კორინა მაჩადომ მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცა

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია დონალდ ტრამპს გადასცა. ვენესუელელმა ლიდერმა ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მარია მაჩადოს თქმით, დონალდ ტრამპი ძალისხმევას არ იშურებს, რათა ვენესუელის მოსახლეობას თავისუფლება მოუტანოს. როგორც თავად ამბობს, შეხვედრისას მან და დონალდ ტრამპმა ვენესუელის მომავალი განიხილეს.

„შესანიშნავი შეხვედრა იყო, რომელიც იმაზე ხანგრძლივი გამოდგა, ვიდრე გვეგონა. ჩვენ მშვიდ გარემოში შევძელით, გვესაუბრა ვენესუელელი ხალხის მოლოდინსა და მიზნებზე, იმ რთულ პერიოდზე, რომელშიც ახლა გვიწევს ცხოვრება. თუმცა ამავე დროს არ ქრება იმედი, რომ წინ დიდი ცვლილებები გველის. მე დეტალურად ვისაუბრე ვენესუელელ საზოგადოებაზე. ისინი მზად არიან, იბრძოლონ ისეთი გარდამავალი პროცესისთვის, რომელიც არა მხოლოდ მყარ და სტაბილურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შექმნის, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანზე, ჩვენს ხალხზეც იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მარია კორინა მაჩადომ.

მარია მაჩადო ვენესუელის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების პარალელურად ცდილობს, მოიპოვოს დონალდ ტრამპის მხარდაჭერა. 3 იანვრის შემდეგ, როდესაც აშშ-მ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო დააპატიმრა და იძულებით აშშ-ში ჩაიყვანა, ოპოზიციის წარმომადგენელი, დიასპორის წევრები და პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ვენესუელაში დემოკრატიზაციის პროცესი დაიწყება.

„პირველ რიგში, ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, თუ რამდენად კარგად იცის მან ვენესუელაში არსებული ვითარება. მას ადარდებს ჩვენი ხალხის გასაჭირი. მე ის დავარწმუნე, რომ ვენესუელელი საზოგადოება ერთიანია. დღეს ვენესუელელების 90 პროცენტზე მეტს ერთი რამ სურს. ჩვენ გვინდა თავისუფლად, ღირსეულად და სამართლიან გარემოში ცხოვრება. გვინდა, ჩვენი შვილები სახლში დაბრუნდნენ. ამისთვის კი აუცილებელია დემოკრატია და თავისუფლება“, – განაცხადა მარია კორინა მაჩადომ.

შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ დიდი პატივი იყო ვენესუელელ მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა.

„ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა. მარიამ მშვიდობის დარგში თავისი ნობელის პრემია გადმომცა ჩემი გაწეული სამუშაოსთვის. ეს ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი ჟესტია. გმადლობ მარია!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ მედიაზე.

ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპი არ იყო დარწმუნებული, რამდენად შეძლებდა მარია მაჩადო ძალაუფლების აღებას. შეხვედრამდე, დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და ნიკოლას მადუროს ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის პირველი ვადისას დონალდ ტრამპმა მას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები დაუწესა. თუმცა, 14 იანვარს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დელსი როდრიგესთან ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. ვგულისხმობ, რომ ის არის ადამიანი, რომელთანაც კარგად ვითანამშრომლეთ. მარკო რუბიო აწარმოებს მასთან მოლაპარაკებას. დღეს დილით მეც ვესაუბრე,  ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი. ბევრი რამ განვიხილეთ. და ვფიქრობ, რომ ჩვენ და ვენესუელა ერთმანეთს კარგად ვუგებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პრეზიდენტის სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას როდრიგესმა შემრიგებლური ტონი აირჩია და აღნიშნა, რომ ვენესუელის ხელისუფლება ახალ პოლიტიკურ რეალობაში შედის.

დელსი როდრიგესი 2018 წლიდან იკავებს ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას, ხელმძღვანელობს ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურებსა და აკონტროლებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნავთობის ინდუსტრიას. მას დონალდ ტრამპი მხარს იმ იმედით უჭერს, რომ ის აშშ-ს ვენესუელაში ნავთობის გაყიდვაზე კონტროლის მოპოვებაში დაეხმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend