კანადა და ჩინეთის რესპუბლიკა ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ჩინეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გასულ წლებში შედარებით დაძაბული ურთიერთობების შემდეგ მხარეები ორმხრივი ურთიერთობების დათბობასა და გაძლიერებაზე იმუშავებენ.
მარკ კარნი კანადის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც გასული 8 წლის განმავლობაში ჩინეთს ეწვია. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას შორის გაღრმავებული კავშირები, დადებითად აისახება როგორც კანადასა და ჩინეთზე, ისე მსოფლიოზე. მარკ კარნის თქმით, მხარეები ერთობლივად სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკული და ფინანსური მიმართულებით იმუშავებენ.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვაცხადებთ, რომ კანადა და ჩინეთი ახალ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ. ის ხუთ ძირითად სფეროზე იქნება ფოკუსირებული, სადაც ჩვენი ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან და მდგრად წარმატებას მიაღწევს. პირველი არის სუფთა ენერგიისა და კლიმატის კონკურენტუნარიანობა, სფეროები, სადაც კანადასა და ჩინეთს უზარმაზარი ძლიერი და ურთიერთშემავსებელი ძლიერი მიდგომები აქვთ. მეორე, ჩვენ ვაფართოებთ ვაჭრობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში, სადაც კანადა საიმედო პარტნიორია. მესამე, ჩვენი ერთგულება მრავალმხრივი მმართველობისა და გლობალური მმართველობის გაძლიერების მიმართ მოდის იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი ცვალებადია. მეოთხე, ჩვენ ვაღრმავებთ ჩართულობას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებში, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხები. და ბოლოს, ხალხთაშორისი კავშირები და კულტურა ძლიერდება ჩვენი ცხოვრების გასამდიდრებლად“, – განაცხადა მარკ კარნიმ.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი კანადის ლიდერის ვიზიტს მიესალმება და განაცხადა, რომ ურთიერთობების გაღრმავებისთვის ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს. ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მხარეებმა მოლაპარაკებები გასული წლის ოქტომბერში დაიწყეს.
მხარეებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფების შესახებ არ უსაუბრიათ, რაც მათ შორის დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი მიზეზი იყო. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ კანადას შეერთებულ შტატებთან შედარებით ნაკლებად მკაცრი საგარეო პოლიტიკა ექნება.
