კატეგორიები

გრენლანდიაში ევროპელი სამხედროების განთავსებას პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე გავლენა არ ექნება

გრენლანდიაში ევროპელი სამხედროების განთავსებას პრეზიდენტ ტრამპის გეგმაზე გავლენა არ ექნება

„გრენლანდიაში ევროპელი სამხედროების განთავსებას არანაირი გავლენა არ გააჩნია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმაზე, აკონტროლოს არქტიკული კუნძული“, – ასეთია თეთრის სახლის პოზიცია მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დაუფლებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაძლიერების ფონზე კუნძულზე სამხედრო ძალები გაგზავნეს.

„არ ვფიქრობ, რომ ევროპაში ჯარების გაგზავნა პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ვერ იმოქმედებს. ამას გავლენა არ ექნება არც მის მიზანზე, შეიძინოს გრენლანდია“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა გრენლანდიაში ევროპელი სამხედროების ჩასვლიდან რამდენიმე საათში. ეს კი, თავის მხრივ, მოჰყვა ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების, დანიისა და გრენლანდიის ოფიციალურ პირებს შორის  გამართულ შეხვედრას, რომელზეც ვერ გადაიჭრა ის, რასაც დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ფუნდამენტური უთანხმოება“ უწოდა.

„შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ. კარგი, პროდუქტიული შეხვედრა იყო. ორივე მხარე დაეთანხმა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ტექნიკურ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ გრენლანდიის შეძენასთან დაკავშირებით. როგორც მე მითხრეს, ეს მოლაპარაკებები ყოველ ორ–სამ კვირაში ერთხელ გაიმართება. ასე რომ, ეს არის დიალოგი, რომლის გაგრძელებასაც ადმინისტრაცია დანიელებსა და გრენლანდიის პატივსაცემ დელეგაციასთან გეგმავს. თუმცა პრეზიდენტმა საკუთარი პრიორიტეტი სრულიად მკაფიოდ განაცხადა – მას სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა გრენლანდია შეიძინოს. ის მიიჩნევს, რომ ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, – ქეროლაინ ლევიტი.

საფრანგეთმა, შვედეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ ოთხშაბათს, 14 იანვარს, განაცხადეს, რომ გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში სადაზვერვო მისიის ფარგლებში სამხედრო პერსონალს განათავსებდნენ.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სადაზვერვო მისიის მიზანი, რომელში მონაწილეობასაც ნატოს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყანა მიიღებს, „უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესწავლაა რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან არქტიკაში არსებული საფრთხეების ფონზე“.

სამინისტროს განცხადებით, ბუნდესვერის 13-კაციანი სადაზვერვო ჯგუფი გრენლანდიის მოწვევით ნუუკში კვირის ბოლომდე განთავსდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, მიმდინარე სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთი გრენლანდიაში დამატებით „სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო“ ძალებს უახლოეს მომავალში გაგზავნის.

დანიის სამეფოს საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავი ნუუკის აეროპორტში, გრენლანდია, 15 იანვარი, 2026 წელი Copyright AP

ამასთან, ნიდერლანდებმა და ესტონეთმაც განაცხადეს, რომ წვრთნებს ისინიც შეუერთდებიან. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც სიგნალი იმის შესახებ, რომ გრენლანდიისა და რეგიონის უსაფრთხოება „ნატოს ყველა მოკავშირისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა“.

ესტონეთიც „მზადაა საჭიროების შემთხვევაში ადგილზე სამხედროები გაგზავნოს“, – დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ პლატფორმა X-ზე.

ევროპულმა სახელმწიფოებმა გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ვაშინგტონში დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა თეთრი სახლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ამერიკული პოზიციის შეცვლა ვერ შეძლეს და პრეზიდენტ ტრამპს კუნძულის „დაპყრობა სურს“.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდიას ნებისმიერი გზით ჩაიგდებს ხელში და კუნძული ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თეთრ სახლში მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას თავად პრეზიდენტი არ დასწრებია. თუმცა შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ „დანიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა“ აქვს.  „ვფიქრობ, გამოსავალი მოიძებნება“, – თქვა ტრამპმა, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია.

 

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია