„ჩინეთისგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ“ იაპონიამ და ფილიპინებმა რამდენიმე ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელთა შორისაც გათვალისწინებულია თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება.
კერძოდ, მხარეები თანხმდებიან, შეიარაღების, საწვავისა და პირველადი საჭიროების ნივთების დაუყოვნებლივ მიწოდებასა და თავდაცვის ძალების ერთობლივ სწავლებაზე.
„უფრო მეტად რთული გლობალური ვითარების პირობებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრებისგან მოსალოდნელია, რომ ისინი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერასა და გაძლიერებაში. კერძოდ, ფილიპინები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც საზღვაო კავშირები გვაქვს და წელს მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც „ასეანის“ თავმჯდომარე სახელმწიფოს.
საგარეო საქმეთა მინისტრ ლაზაროსთან ერთად გავცვალეთ გულწრფელი აზრები უსაფრთხოების, საზღვაო საკითხებისა და ეკონომიკის, ასევე რეგიონული გეოპოლიტიკის დინამიკის შესახებ ორმხრივ თანამშრომლობაზე. სამ დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი და მივაღწიეთ შესანიშნავ შედეგს. არსებულ დაძაბულ პირობებში ხაზი გავუსვით იაპონიის, ფილიპინებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობას. რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ვგეგმავთ ურთიერთობის გაძლიერებას ამერიკასთან, რომელიც ორივე ქვეყნისთვის არის სტრატეგიული მოკავშირე“, – განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოსიმიცუ მოტეგიმ.

„საზღვაო სფეროში ორივე ვადასტურებთ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, მათ შორის გემების გადაადგილებისა და ფრენების თვალსაზრისით, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. იაპონია ფილიპინებისთვის არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც იქნება დაფუძნებული დემოკრატიულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობის პატივისცემაზე, მშვიდობისკენ სწრაფვასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაზე“, – თქვა ფილიპინების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტერეზა ლაზარომ ქვეყნის დედაქალაქ მანილაში გამართულ ბრიფინგზე.
ამ შეთანხმებას წინ უძღოდა 2024 წელს ორი ქვეყნის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას აძლევდა ფილიპინებსა და იაპონიას, უფრო მასშტაბური წვრთნების ჩასატარებლად ერთმანეთის ტერიტორიებზე განათავსონ სამხედრო დანაყოფები.
ამის მიუხედავად, მხარეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ახალი შეთანხმებების მიღწევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში კონფიდენციალური ინფორმაციის მიმოსაცვლელად, რათა თავიდან აიცილონ ჩინეთის შესაძლო სამხედრო აგრესია ორივე ქვეყნის წინააღმდეგ.
ტოკიოსა და მანილას პეკინთან აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავა აქვთ, რაც პერიოდულად მწვავდება და ზრდის კონფლიქტში ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც იაპონიისა და ფილიპინების სტრატეგიული მოკავშირის ჩართულობის საფრთხეს.
2025 წლის აპრილში იაპონიის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა სიგერუ ისიბამ და ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა განაცხადა, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო გზით ან იძულებით შეიცვალოს რეგიონის ქვეყნების სტატუს-კვო.
იაპონიასა და ფილიპინებს შორის გაფორმებული ბოლო შეთანხმებების მიხედვით, მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, მიიღონ მონაწილეობა გაეროს ეგიდით გამართულ სამშვიდობო მისიებში, ერთმანეთს დაეხმარონ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში და გააძლიერონ თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში.

