მთავარიევროპაუკრაინარუსული ავიაიერიშების ფონზე უკრაინის მოსახლეობის ნაწილი ენერგოკრიზისის წინაშეა

რუსული ავიაიერიშების ფონზე უკრაინის მოსახლეობის ნაწილი ენერგოკრიზისის წინაშეა

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის პერიოდული საჰაერო იერიშების გამო ბოლო ორი კვირაა, კიევის მოსახლეობა ენერგოკრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ქვეყნის დედაქალაქში -12 გრადუსი ყინვა და თოვლია. საცხოვრებელ სახლებს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი გრაფიკით მიეწოდება, ქუჩებში კი მხოლოდ მაღალი სიმძლავრის გენერატორების ხმაური ისმის.

რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე მოსახლეობის წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების მცირედით მაინც შესამსუბუქებლად, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქის მასშტაბით საგანგებოდ შექმნა სპეციალური საველე პუნქტები, სადაც მოხალისეები მოქალაქეებს პირველად დახმარებას აღმოუჩენენ და დატენიან ელექტრონულ მოწყობილობებს.

კიევის მცხოვრებნი კარვებში თბებიან და ტენიან საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობებს, უკრაინა, 13 იანვარი, 2026 წელი Copyright AP Photo/Danyil Bashakov

„დენი მხოლოდ ღამით გვაქვს. გასულ ღამეს ელექტროენერგია მოგვეწოდებოდა პირველიდან ოთხ საათამდე, წყალი ცივი იყო, გათბობა ჭირს. ამჟამად ბუნებრივი აირი მხოლოდ ნაწილობრივ მოგვეწოდება, ოთახში კი 10 გრადუსია… ძალიან გვიჭირს. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ომის მეოთხე წელი ჩვენთვის გაცილებით მძიმე აღმოჩნდებოდა, ვიდრე, მაგალითად, გასული წელი. ამის მიუხედავად მაინც ვმუშაობთ, რადგან სხვანაირად არ გამოვა. თუკი ახლა ყველა შეწყვეტს მუშაობას და არაფერს გააკეთებს, როგორ შევძლებთ ცხოვრებას? რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა, ჯერჯერობით ვუძლებთ. ვისურვებდით, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს ყველაფერი, რომ სითბოთი და წყლით ვიყოთ უზრუნველყოფილი და ჩვენზე ასეთი თავდასხმა შეწყდეს“, – ამბობს კიევის მცხოვრები, ლუდმილა კოპილი.

„ღამით დათბილული წინდები, ჩექმა და მატყლის სვიტერი მაცვია. თუ შემცივდება, თავზე შარფს ვიკეთებ, თბილ საბანში გავეხვევი და ვწვები დასაძინებლად. ცოტათი ვნერვიულობთ, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს? მათ დააზიანეს ჩვენი თბოელექტროსადგური, ამიტომაც გასული კვირა ძალიან მკაცრ პირობებში გავატარეთ, თუმცა ამ ყველაფერს მაინც გავუძლებთ. მაინც გვჯერა, გავიმარჯვებთ,  ყველაფერს გამოვასწორებთ და ყველა, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, პასუხს აგებს არა მხოლოდ კანონის, არამედ ღმერთის წინაშეც“, – თქვა უკრაინის დედაქალაქის მცხოვრებმა, ოლენა ჩერევკომ.

ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით განხორციელებული იერიშების შესახებ აქტიურად საუბრობს უკრაინის ხელისუფლება.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ქვეყნის დედაქალაქში არსებული ვითარება „მტკივნეულ“ და „კრიტიკულ მდგომარეობად“ შეაფასა და განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, თუმცა კიევის მოსახლეობას მოუწოდა შესაძლებლობის ფარგლებში ელექტროენერგიისა და სითბოს ალტერნატიული წყაროები ეძებონ.

კიევის გარდა, ამავე პრობლემის წინაშე დგას უკრაინის სხვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც. კრემლის საოკუპაციო ჯარების მიერ კრივი-რიჰზე 13 იანვარს განხორციელებულმა თავდასხმამ 45 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის, ხოლო 700-ზე მეტი სახლი გათბობის გარეშე დატოვა.

ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული მხარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ზამთრის სუსხიან თვეებში მოსახლეობის დენისა და გათბობის გარეშე დატოვებას არანაირი გამართლება არ აქვს. მისივე თქმით, საკითხის შესახებ ინფორმირებულია ვაშინგტონი.

„ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებს, ლინდსი გრემსა და რიჩარდ ბლუმენთალს. მადლობელი ვარ კონგრესის ურყევი, ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ახლა საკმაოდ პროდუქტიულ სამუშაოს ვაწარმოებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის გუნდთან. ყველა დეტალი განვიხილეთ. მივაწოდე მათ ინფორმაცია რუსული დარტყმისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემით უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამერიკულ მხარესთან განვაგრძობთ შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას. რაც შეეხება უსაფრთხოებასა და აღდგენას, ნამდვილად ვმუშაობთ იმაზე, რათა უახლოეს მომავალში შეიქმნას ყველა შესაბამისი ფორმატი ამერიკის კონგრესსა და უკრაინის პარლამენტში საკითხის იურიდიულად გასაფორმებლად…“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მოსკოვი არაერთხელ დაესხა თავს ქვეყნის ენერგოსისტემას, რამაც მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გარეშე დატოვა, თუმცა სამხედრო მოქმედებების მეოთხე წლის თავზე კიევში ამ თავდასხმებს მაინც „ყველაზე მტკივნეულად“ აფასებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend