მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

კულტურული ცხოვრებისა და გართობის მოყვარულთ ამ კვირაში ელოდებათ Art Deco-ს თვალისმომჭრელი ზეიმი პარიზში, ეკრანებზე  დაბრუნდებიან ინფიცირებულები საშინელებათა ჟანრის ფილმიდან „28 წლის შემდეგ – ძვლების ტაძარი“ და  გამოვა „სამეფო კარის თამაშების“ ახალი ვერსია. აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მიმდინარე კვირაში.

ახალი წლის პირველ თვეში, როგორც წესი, წარსული გვახსენებს თავს, რაც სარკისებურად აისახება იმ რეტროსპექტივებსა და საიუბილეო ღონისძიებებზე, რომლებიც მთელი კონტინენტის მასშტაბით იმართება. იქნება ეს საუკუნოვანი Art Deco-ს სტილისთვის პატივის მიგება თუ გამოფენა, რომელიც ეძღვნება ფოტოგრაფ ნან გოლდინის ყველაზე ცნობილი წიგნს „ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“,  რომელიც 1986 წელს გამოვიდა –  ეს არის დრო, როცა თვალი უნდა გადაავლო წარსულს, რათა მისი შთაგონებით მომავლის პერსპექტივები დასახო.

სანამ კინოეკრანებზე ალექს გარლანდის გადაღებული სერიები გადის მძვინვარე ვირუსის შესახებ, ალბათ უპრიანია გადავხედოთ სხვა ნაკლებად ცნობილ ევროპულ ფილმებსაც, რომლებიც წარდგენილია ევროპის კინემატოგრაფიულ ჯილდოზე. ეს ღონისძიება 17 იანვარს ბერლინში გაიმართება და ჩვენი კინოკრიტიკოსი ბერლინიდან ჩაგვერთვება პირდაპირი ეთერით, რათა მეტი გაიგოთ გამარჯვებულების შესახებ.

და ბოლოს, თუ რაღაც ახალ მუსიკას ეძებთ, რომელიც ზუსტად შეესაბამება უწყინარი ნოსტალგიითა და ჩუმი აღტაცებით სავსე იანვრის ემოციურ მორევს, მაშინ მოიკითხეთ როკ-ჯგუფი Xiu Xiu, რომელმაც მთელი რიგი ყველასთვის საყვარელი სიმღერები მოამზადა. მანამდე კი მიმდინარე კვირისთვის ჩვენი რეკომენდაციები მიიღეთ.

გამოფენები

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფოტოგრაფი ნან გოლდინი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ინტიმური პოეტურობით აღსავსე  ფოტოებს უღებდა უცხო ადამიანებს, რომლებიც მათ რომანტიკულ ურთიერთობებსა და შინაგან სამყაროს ასახავდა. მისი წიგნი „ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე“ დღესაც ფოტოგრაფის ყველაზე ცნობილ ნაშრომად რჩება და მისი გამოქვეყნებიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად ლონდონის გალერეა Gagosian-მა ამ წიგნიდან მოაწყო 126 ფოტოს გამოფენა, რომელიც პირველად იმართება გაერთიანებულ სამეფოში. გამოფენა 13 იანვარს იხსნება და 21 მარტამდე გაგრძელდება.

სახვითი ხელოვნების, არქიტექტურისა და პროდუქტის დიზაინის მიმდინარეობის ე.წ. Art Deco-ს თამამმა გეომეტრიულმა ფიგურებმა და მყვირალა ფერთა შეხამებამ განსაზღვრა 1920-30-იანი წლების ხიბლი და ჰედონისტური ამპარტავნება. ეს სტილი ყველაზე პოპულარული 1925 წელს გახდა და მის კვალდაკვალ პარიზში გაიმართა თანამედროვე დეკორატიული და ინდუსტრიული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, რომელმაც განამტკიცა Art Deco-ს, როგორც თანამედროვე სტილის არცთუ სახარბიელო რეპუტაცია და პოპულარობა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს. მართალია, ამ სტილის დაფუძნებიდან ერთი საუკუნე 2025 წელს გავიდა, მაგრამ პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმმა წელსაც განაგრძო მისთვის პატივის მიგება და მიუძღვნა გამოფენა, რომელიც 26 აპრილამდე გაგრძელდება. აუცილებლად უნდა ნახოთ, ეს გამოფენა, რომელიც დაგაბრუნებთ აწ უკვე შორეული წარსულის ბუნდოვან გარემოში. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აღდგენილი „აღმოსავლეთის ექსპრესი“, მატარებელი, რომელშიც აგათა კრისტის ამავე სახელწოდების დეტექტივის სიუჟეტი ვითარდება. ეს ორმაგად საინტერესო ნიუანსია, რადგან ახლა ყველგან აგათა კრისიტის გარდაცვალებიდან 50-წლისთავის გასვლას აღნიშნავენ.

ფილმები

რეჟისორი დენი ბოილის  ფილმი „28 წლის შემდეგ“  მაყურებლის  ყველაზე საყვარელი ფილმების სიაში შევიდა 2025 წელს. იგი გახლავთ  მანიაკალური და  შემზარავი კადრების ვიზუალური ნადიმი, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანი მოგვითხრობს. „ძვლების ტაძარი“ კიდევ უფრო უღრმავდება მისი მთავარი გმირის სერ ჯიმი კრისტალის (რომელსაც ჯეკ ო’კონელი ასრულებს) საქციელს და ამავდროულად ავითარებს ექიმ კელსონის (რომელსაც რალფ ფაინსი თამაშობს) ხაზს, რომელიც ცდილობს, დაუმეგობრდეს ალფას (ინფიცირებულთა  უზარმაზარ და შემზარავ სახეობას). ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნია დაკოსტას გადაღებული ეს ფილმი, რომელიც 14 იანვრიდან გავა კინოეკრანებზე,  ისეთივე ამაღელვებელი და დაძაბული იქნება, როგორიც წინა ნაწილი იყო.


.

15 იანვრიდან ევროპის კინოთეატრებში გავა ჰიკარის სახელით ცნობილი იაპონელი კინორეჟისორის  გულისამაჩუყებელი კომედია  Rental Family, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი ბრენდან ფრეიზერი, რომლის გმირიც იაპონიაში უცხო ოჯახის დაქირავებული წევრი ხდება.

სერიალები

თუ „სამეფო თამაშების“ ფინალის შემდეგ  ჯერ კიდევ არ მოსულხართ გონს, მაშინ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: სატელევიზიო სამყაროში პრაქტიკულად არაფერი სრულდება. ყოველთვის მოსალოდნელია, რომ კიდევ ერთი გაგრძელება მოჰყვეს ყველაზე პოპულარულ შოუს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც ისეთი მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანის სამყაროში ვითარდება, როგორიც ჯორჯ რემონდ რიჩარდ მარტინია. მართალია, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონი ზაფხულამდე არ გამოვა, მაგრამ ეს ზამთარი შეგვიძლია, გადავაგოროთ  „შვიდი სამეფოს რაინდის“ ყურებაში, რომელიც 18 იანვრიდან გავა  Sky/Now -ზე.


.

მუსიკა

ექსპერიმენტული ალტერნატიული როკის წარმომადგენელი ბენდი Xiu Xiu ისევ დაბრუნდა თავისი მე-15 წინააღმდეგობრივი სტუდიური ალბომით სახელწოდებით Xiu Mutha F****n’ Xiu: Vol. 1. ეს ბენდის ქავერების მესამე ალბომია, რომელიც 16 იანვარს გამოვა. მანამდე  ბენდმა ქავერების ალბომი მიუძღვნა ნინა სიმონესა და დეივიდ ლინჩის ტელესერიალს „ტვინ პიქსს“ 2013 და 2016 წლებში. ამჯერად ბენდმა პატივი მიაგო მთელი რიგი მუსიკალური ჯგუფებისა და მომღერლების შემოქმედებას, მათ შორის არის ბენდ Talking Heads-ის სიმღერა Psycho Killer, ამერიკელი კომპოზიტორისა და შემსრულებლის როი ორბინსონის სიმღერა In Dreams, ასევე შვედი მომღერლისა და კომპოზიტორის სიმღერა  Dancing on My Own, რომლებიც  Xiu Xiu-ს შთაგონების წყაროა.


.

თუ არაფერი მოგეწონათ იქიდან, რაც ჩამოვთვალე, ნუ შეშინდებით, კიდევ უამრავი დიდებული მუსიკალური ალბომი გამოვა მომავალ რამდენიმე კვირასა და თვეში – მათ სიას ამ ბმულზე გაეცნობით.

ავტორი: ამბერ ლუის ბრაისი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend