მთავარიკულტურალოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს

ლოს-ანჯელესში ოქროს გლობუსის 83-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფილმები და სერიალები გამოავლინეს

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 83-ე დაჯილდოება გაიმართა. გამარჯვებულები ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამოავლინა.

მთავარი ჯილდო ერგო  ფილმებს: „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ და „ჰამნეტი“. პოლ თომას ანდერსონის ფილმი „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ საუკეთესო კომედიური ფილმის კატეგორიაში დასახელდა გამარჯვებულად.  ჯამში  ფილმმა „ოქროს გლობუსი“ ოთხ კატეგორიაში მოიპოვა.

„ძალიან დიდი მადლობა „ოქროს გლობუსს“. ეს ჩვენთვის  დიდი პატივია. აქ ბევრი ჩემი ახლო მეგობარია, რაც ძალიან სასიამოვნოა. მინდა, პოლს მივმართო. ეს ფილმის გადაღების ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული პროცესი იყო. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ეს დიდწილად დამსახურებაა იმ ადამიანის, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ერთად აღარ იმყოფება. ის  ადამ სომნერია, რომელიც ყველას ძალიან გვაკლია“, – განაცხადა პროდიუსერმა სარა მერფიმ დაჯილდოების ცერემონიაზე.

პოლ თომას ანდერსონმა გაიმარჯვა საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო სცენარის კატეგორიებშიც ფილმისთვის „ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“.  ოლივერ სტოუნის შემდეგ ის პირველი რეჟისორია, რომელმაც „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა როგორც პროდიუსერმა, რეჟისორმა და სცენარისტმა.

პოლ ტომას ანდერსონი Copyright AP Photo

„ძალიან დიდი მადლობა ამ ფილმის მიმართ გამოხატული სიყვარულისა და დაფასებისთვის. მადლიერი ვარ ამისთვის. მე კინო მიყვარს. მიყვარს ფილმების გადაღება. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ერთ ადამიანს, რომლის სახელი და გვარიც დღეს მრავალჯერ გაისმა. ის მაიკ დელუკაა. მის სახელთან დაკავშირებულია ბევრი ფილმი, რომლებიც დღეს აქ არის წარმოდგენილი”, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა პოლ თომას ანდერსონმა.

ბევრისთვის მოულოდნელად საუკეთესო დრამატული ფილმის კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ ქლოე ჟაოს ფილმმა „ჰამნეტმა“ აიღო.  ფილმმა უფრო მეტი მოწონება დაიმსახურა, ვიდრე რაიან კუგლერის ფილმმა „ცოდვილნი“. ფილმი მეგი ო’ფერელის ნაწარმოებზეა დაფუძნებული და ვილიამ და აგნეს შექსპირებზე მოგვითხრობს.  ჯესი ბაკლი კი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში დასახელდა გამარჯვებულად.

„ფილმ „ჰამნეტის“ გადაღებისას გუნდის წევრების ნაწილმა ძვირფასი ადამიანები დაკარგა. ბევრი მათგანისთვის ეს ურთულესი პერიოდი იყო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ფიქრები ახლაც თქვენთანაა. აქ თქვენი დამსახურებით ვდგავართ. ძალიან გვიყვარხართ“, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა ქლოი ჟაომ.

მხატვრულ ფილმში, კომედიასა ან მიუზიკლში კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში გამარჯვებული ტიმოთი შალამე გახდა ფილმისთვის „მარტი დიდებული“. 30 წლის მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიო და ჯორჯ კლუნი უკან ჩამოიტოვა.

ტიმოთი შალამე ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე Copyright AP Photo

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი „ოქროს გლობუსი“ ანიმაციურ ფილმ „დემონებზე მონადირეებს“ ერგო.

„ამ ფილმის მეშვეობით გვინდოდა ქალი პერსონაჟების ისტორიები ისე გადმოგვეცა, როგორც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ. ისინი ძლიერები და გამტანები, ასევე მხიარულები და უცნაურები არიან“, – ამბობს რეჟისორი მეგი კანგი.

დაჯილდოების ცერემონიაზე ანიმაციური ფილმის კიდევ ერთმა რეჟისორმა კრის აპელჰანსმა განაცხადა, რომ ფილმი ასევე მუსიკას ეძღვნება.

„ძალას, რომელიც მუსიკას აქვს, გვაერთიანებს და გვაძლევს საშუალებას კაცობრიობა ახლებურად დავინახოთ. დღეს ეს ძალიან საჭირო რამაა“, – განაცხადა ფილმის რეჟისორმა.

სატელევიზიო მიმართულებით  83-ე დაჯილდოებაზე ყველაზე წარმატებული HBO-ისა და Netflix-ის სერიალები „თეთრი ლოტოსი“ და „მოზარდობა“ იყო. „თეთრი ლოტოსი“ 6, „მოზარდობა“ კი 5 ნომინაციაში დასახელდა გამარჯვებულად.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend