სტრიმინგპლატფორმებმა და სერიალების სიუხვემ რომ კინოსამყარო შეცვალა, ეს 2025 წელსაც კარგად გამოჩნდა. გამოჩნდა ისიც, რომ წლიდან წლამდე ორიგინალური იდეები იკლებს და მსხვილი სტუდიები ფსონს მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობ პროექტებზე ჩამოდიან.
ამას ადასტურებს ისიც, რომ ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად უფრო სწორად კი ანიმაციად ყველასათვის კარგად ნაცნობი „ზოოტოპიის” მეორე ნაწილი იქცა. ანიმაციამ მის შემქმნელებს რეკორდული 1 276 264 746 დოლარი მოუტანა. მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და 2025 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის მეორე ადგილზე მოექცა ასევე ბევრისთვის ნაცნობი, 2002 წელს გამოსული ანიმაციის ადაპტაცია, „ლილო და სტიჩი”, ჯამში ფილმმა 1 037 270 317 გამოიმუშავა. ხოლო მესამე ადგილი ერგო კომპიუტერული თამაშის მიხედვით გადაღებულ ფილმ „მაინკრაფტს”, რომელსაც მილიარდ დოლარამდე ცოტა დააკლდა და მისმა შემოსავალმა 957 749 195 დოლარი შეადგინა.
ეს რაც შეეხება ჰოლივუდის პროექტებს, თუმცა შემოსავლების კუთხით აბსოლუტური რეკორდსმენი ჩინური ანიმაცია გახდა, სახელწოდებით „ნეჟა”. ამ ნამუშევარმა ორმილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და მსოფლიო კინოგაქირავებაში ყველაზე მაღალშემოსავლიან ანიმაციად იქცა. ასევე „ნეჟა” გახდა პირველი არაინგლისურენოვანი და არაჰოლივუდური პროექტი, რომელმაც შეძლო ორ მილიარდზე მეტი გამოემუშავებინა.
მართალია, 2025 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში, ძირითადად ნაცნობი პროექტები მოხვდნენ, თუმცა ამ კუთხით იყო მოულოდნელობებიც. ბევრისთვის გასაკვირად, რეჟისორ რაიან კუგლერის საავტორო ფილმმა, „ცოდვილნი”, კინოგაქირავებაშიც მიაღწია წარმატებას, მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა და კინოკრიტიკოსების მოწონებაც. მუსიკალური ფილმი ვამპირებზე წარდგენილია ოქროს გლობუსზე და დიდი ალბათობით ოსკარის მოპოვებასაც შეეცდება.
„ეს არ არის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია რომელიმე ბრენდზე, არ არის დაფუძნებული არაფერზე. ეს უბრალოდ ერთი რეჟისორის, რაიან კუგლერის, ხედვაა და ამან იმუშავა. ვინ იფიქრებდა, რომ ვამპირული მიუზიკლი გახდებოდა წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. უილიამ გოლდმანმა ერთხელ თქვა, – „არავინ არაფერი იცის“ და ვფიქრობ, რომ ერთი რამ ნამდვილად ვიცით, არ შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის კონტენტის გამარტივება, უნდა გავაგრძელოთ კინემატოგრაფისტებისა და მათი ხედვების ინვესტირება. ხანდახან ეს იმუშავებს, ხანდახან არა“, – ამბობს ლინდსი ბაჰრი, „ესოშიეითიდ პრესის” ჟურნალისტი.
მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობის მიუხედავად, კინოგაქირავებაში არ გაუმართლა წლის კიდევ ერთ თამამ პროექტს, ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფილმს, პოლ ტომას ანდერსონის „ბრძოლას ბრძოლის შემდეგ“. ამის მიუხედავად კინოსურათს კარგად შეხვდნენ კინომოყვარულები და კრიტიკოსები, ზოგიერთი მათგანი „ბრძოლას ბრძოლის შემდეგ“ წლის საუკეთესო ფილმადაც მიიჩნევს. რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი ამ ფილმისთვის ნომინირებულია ოქროს გლობუსზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. ოქროს გლობუსზე ნომინირებულები არიან ასევე საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ლეონარდო დი კაპრიო, შონ პენი და ბენისიო დელ ტორო მეორე ხარისხოვანი როლისთვის, ასევე ტიიანა ტეილორი მეორეხარისხოვანი ქალის როლის შესრულებისთვის. მათგან ყველაზე მეტად შონ პენს გამოარჩევენ, რომელმაც შთამბეჭდავი პერფორმანსი შემოგვთავაზა. ოქროს გლობუსზე ეს ფილმი ყველაზე მეტი, 9 ნომინაციითაა წარმოდგენილი.
არაერთ კატეგორიაში ფილმს კონკურენციას გაუწევს წლის კიდევ ერთი გახმაურებული ფილმი ბერძენი რეჟისორის, იორგოს ლანთიმოსის „ბუგონია“. წელსაც მის ფილმში მთავარ როლს ორგზის ოსკაროსანი ემა სთოუნი ასრულებს. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კინოვარსკვლავი წელსაც შეეცდება ჯერ ოქროს გლობუსი, შემდეგ კი ოსკარიც მოიპოვოს.
გამოარჩევენ კიდევ ერთი დიდებული რეჟისორის, გილერმო დელ ტოროს ნამუშევარსაც. რეჟისორმა 2025 წელს „ფრანკენშტეინის“ კიდევ ერთი ადაპტაცია შემოგვთავაზა და იმედებიც არ გაუცრუებია. ფილმმა როგორც მაყურებელთა, ისე კრიტიკოსთა მოწონებაც დაიმსახურა. ფრანკენშტეინი ოქროს გლობუსზე ნომინირებულია საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო მსახიობისა თუ საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიებში.
ჰოლივუდის პროექტებს წელსაც დიდი კონკურენცია შეხვდათ საავტორო ფილმების სახით. მათგან ყველაზე გამორჩეული ირანელი რეჟისორის ჯაფარ ფანაჰის ფილმი „უბრალო შემთხვევითობა“ იყო, მან უკვე მოიპოვა მთავარი პრიზი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ოქროს გლობუსისა თუ ოსკარების რბოლაში, ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. ირანელ რეჟისორს ქვეყანაში არსებული ვითარების გამო მარტივი კარიერა არ ჰქონია, თავისი შემოქმედების გამო ის სამშობლოში ორჯერ დააპატიმრეს.
„არავის აქვს უფლება მიგვითითოს, რა ტანსაცმელი გვეცვას, რისი კეთება შეგვიძლია და რისი არა. კინო კი საზოგადოების სარკეა. მოდით, ვეცადოთ არ დავკარგოთ იმედი”, – თქვა ჯილდოს ასაღებად სცენაზე ასულმა რეჟისორმა.
გრან-პრი კი მაისში გამართულ კანის საერთაშორისო ფესტივალზე დანიელი რეჟისორის, იოაკიმ ტრიერის სურათს „სენტიმენტალურ ღირებულებას“ ერგო. მთავარ ნომინაციებზეა წარდგენილი ფილმი ოქროს გლობუსზეც, მარტში კი ოსკარის მოპოვებასაც შეეცდება.
ვენეციის კინოფესტივალზე კი კინოს კიდევ ერთმა ოსტატმა ჯიმ ჯარმუშმა გაიბრწყინა. მას ფესტივალზე მთავარი პრიზი, ოქროს ლომი გადაეცა ფილმისთვის „მამა, დედა და ძმა“, ხოლო ჟიურის გრან-პრი ერგო ტუნისელი რეჟისორის კაუტერ ბენ ჰანიას ფილმს, „ჰინდ რაჯაბის“ ხმა. კინოსურათი რეალურ, ღაზის სექტორში მომხდარ, სულისშემძვრელ ამბავზეა დაფუძნებული. მის პრემიერას ვენეციის ბიენალეს ისტორიაში მაყურებლის სარეკორდო ხანგრძლივობის, 23-წუთიანი ოვაციები მოჰყვა.
ფილმი 6 წლის პალესტინელი გოგონას, ჰინდ რაჯაბის ისტორიას გვიყვება, რომლის ოჯახის წევრებიც ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა. გადარჩენილი გოგონა კი წითელი ნახევარმთვარის ოპერატორებს ტელეფონის საშუალებით სთხოვდა დახმარებას. მოგვიანებით 6 წლის ჰინდიც და ექიმებიც დაღუპულები იპოვეს. ფილმში გამოყენებულია რეალური სატელეფონო საუბარი, რომელშიც ჰინდ რაჯაბი დახმარებას ითხოვს.
2025 წელი საინტერესო გამოდგა სერიალებისთვის. „ნეტფლიქსის” მინისერიალმა სახელწოდებით „მოზარდობა“ ნამდვილი ფურორი მოახდინა. კინომოყვარულები აღფრთოვანებული დატოვა როგორც ფილმის შინაარსმა, ისე ახალგაზრდა მსახიობის, ოუენ კუპერის შთამბეჭდავმა შესრულებამ. 15 წლის ვარსკვლავმა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის უკვე მოიპოვა ემი, ხოლო 11 იანვარს დიდი ალბათობით, ოქროს გლობუსსაც დაეუფლება. ემი ერგო თავად მინისერიალსაც და მთავარი როლის შემსრულებელ სტივენ გრემს. მინისერიალი გამოირჩევა ტექნიკური თვალსაზრისითაც, ოთხივე ეპიზოდი შემქმნელებმა ერთი უწყვეტი კადრით გადაიღეს.
უკვე შეიძლება ითქვას, რომ თავისი გავლენით „მოზარდობამ“ წარუშლელი კვალი დატოვა კინემატოგრაფიაზე, ბრიტანეთის მთავრობა იმაზეც კი ალაპარაკდა, რომ მინისერიალი სკოლებში საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენონ.
მოზარდობასთან ერთად ემის ტრიუმფატორი იყო კომედიური სერიალი „სტუდია“. კომედიური ფილმების ვარსკვლავის, სეტ როგანის მიერ შექმნილმა სერიალმა ჯამში 13 ჯილდო მოიპოვა და ერთ სეზონში ყველაზე მეტი ემის მფლობელი კომედიური სერიალი გახდა. კარგი წელი გამოდგა სამედიცინო სერიალისთვის „პიტი“. ნამუშევარმა ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო დრამატული სერიალის პრიზი მიიღო, მთავარი როლის შემსრულებელი ნოა უაილი კი საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს.
სერიალების სამყაროში 2025 წელი ყველაზე გამორჩეული ალბათ მაინც „ნეტფლიქსის” კიდევ ერთი პროექტის, „უცნაური ამბების“ მაყურებლისთვის იქნება. ძმები დაფერების სერიალი, რომელიც პირველად 2016 წელს გამოჩნდა, მალევე გახდა ბევრისთვის საყვარელი პროექტი და წლიდან წლამდე ახალი სეზონის გამოსვლას მილიონობით მაყურებელი ელოდა. 9 წლის შემდეგ 2025 წლის 31 დეკემბერს კინომოყვარულებმა ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის ბოლო სერია იხილეს.

