„მრავალი საკითხი განვიხილეთ და ვფიქრობ შესაძლოა შედეგს ძალიან მივუახლოვდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ და თქვა ისიც, რომ შეხვედრა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ფლორიდაში, ტრამპის მამულში გაიმართა, „შესანიშნავი“ იყო.
ვოლოდიმირ ზელენსკის შტატებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტები ერთობლივად ესაუბრნენ ევროპელ ლიდერებსაც. მანამდე კი დონალდ ტრამპს, როგორც თავად განაცხადა, ორსაათანი საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთანაც.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „მყარი მშვიდობის მიღწევის გზაზე“ საკვანძო საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაა. მან დასძინა, რომ ევროპული და უკრაინული მხარეები ამ საკითხზე მოშაობას განაგრძობენ და უახლოეს კვირებში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა „ყველა განხილული საკითხი“ ბოლომდე მიიყვანონ.
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. როგორც იცით, მე პრეზიდენტ პუტინთანარაჩვეულებრივი სატელეფონო საუბარი მქონდა, რომელიც ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა. მრავალი საკითხი განვიხილეთ. და ვფიქრობ, რომ შედეგს ძალიან მივუახლოვდით – შესაძლოა, უკვე ძალიან ახლოს ვართ.
პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ახლახან ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი იუნას გარ სტორე, იტალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ყველა ამ დიდ ლიდერს ვესაუბრეთ. ისინი მართლაც შესანიშნავი ლიდერები არიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მივიჩნიეთ, რომ მათთან საუბარი სწორი ნაბიჯი იყო. ჩვენი შეხვედრა კი ნამდვილად წარმატებული იყო.
შეიძლება ითქვას, რომ საკითხების დაახლოებით 95 პროცენტი განვიხილეთ. არ ვიცი ზუსტად რამდენი პროცენტი, მაგრამ დიდი პროგრესი გვაქვს ომის დასრულების გზაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაზე სისხლიანი ომია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და, ალბათ, მასშტაბითაც ყველაზე დიდია.
მინდა მადლობა გადავუხადო სტივ უიტკოფს, რომელიც აქ არის, და ასევე ჯარედ კუშნერს რომელიც აქვეა. გმადლობთ, თქვენ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეთ. აქ არიან ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი და მარკო რუბიო. მადლობა, მარკო. ასევე აქ არის პიტ ჰეგსეთი. ეს ადამიანები საოცარ საქმეს აკეთებენ. ამ ოთხმა ადამიანმა ამ საკითხზე ისეთი სამუშაო გასწია ,რომელსაც, ვფიქრობ, ვერავინ შეძლებდა.
ვნახოთ, დასრულდება თუ არა ეს პროცესი, მაგრამ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. რა თქმა უნდა, არავის ექნებოდა შანსი საქმე აქამდე მიეყვანა. არავის ეგონა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა.
ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. პრაქტიკულად ყველა საკითხზე გვქონდა დისკუსია. ეს პრეზიდენტ პუტინთან საუბარსაც ეხება. დეტალურად განვიხილეთ ყველაფერი და დღესაც იგივე გავაკეთეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„მართლაც კარგი დისკუსიები ყველა საკითხზე და ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც ამერიკულმა და უკრაინულმა გუნდებმა ბოლო კვირების განმავლობაში მიაღწიეს. განსაკუთრებული მადლობა სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს მათი ჩართულობისა და სრული თავდადებისთვის.
ასევე მადლობა ჩვენს გუნდს – პირველ რიგში რუსტემ უმეროვს, გენერალ გნატოვს და გუნდის ყველა წევრს.
განვიხილეთ სამშვიდობო „ჩარჩო დოკუმენტის“ ყველა ასპექტი და შესანიშნავი მიღწევები გვაქვს. 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის 90% შეთანხმებულია; ამერიკის შეერთებული შტატები -უკრაინის უსაფრთხოებისთვის 100%-ით შეთანხმებულია; თითქმის შეთანხმებულია შტატები-ევროპა–უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები; სამხედრო კომპონენტი – ასევე 100%-ითაა შეთანხმებული; დასრულების ეტაპზეა კეთილდღეობის გეგმა.
ასევე განვიხილეთ შემდგომი ნაბიჯები და შევთანხმდით, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის მთავარი ეტაპი მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენი გუნდები ყველა მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას.
როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე აღნიშნა, გვქონდა ერთობლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შევთანხმდით, რომ უახლოეს კვირებში ჩვენი გუნდები შეხვდებიან ყველა განხილული საკითხის დასასრულებლად.
პრეზიდენტ ტრამპთან ასევე შევთანხმდით, რომ იგი იანვარში ჩვენს შეხვედრას უმასპინძლებს, შესაძლოა ვაშინგტონში, ევროპელი ლიდერებისა და უკრაინული დელეგაციის მონაწილეობით. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ ტრამპს თბილი მიღებისა და შინაარსიანი დისკუსიისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


