დონალდ ტრამპი დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უმასპინძლებს. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, საუბარი, სავარაუდოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზას, ასევე, ირანსა და ლიბანს შეეხება.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ამერიკის შეერთებული შატების შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძირითადად შენარჩუნებულია, თუმცა ბოლო პერიდოში პროგრესი შენელდა. მხარეების ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს შემგომი ნაბიჯი.
ზავის პირველი ფაზა ოქტომბერში დაიწყო – „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის ორი წლისთავიდან რამდენიმე დღეში. ამ თავდასხმას დაახლოებით 1 200 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ გატაცებული 251 მძევლიდან 250 გათავისუფლებულია – ცოცხალი ან გარდაცვლილი. ახლა ტრამპის გეგმის შემდეგი ფაზა იწყება. 20-პუნქტიანი გეგმის ნაწილია ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის დასრულების ამბიციაც.
დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ლიდერები სავარაუდოდ სხვა საკითხებზეც ისაუბრებენ. მათ შორის ირანზე, რომლის ბირთვულ შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ ისინი ივნისში შტატების მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად „სრულად და საბოლოოდ განადგურდა“.
