კატეგორიები

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულებასთან ახლოს არიან, „ისე როგორც არასდროს“

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთი და უკრაინა ომის დასრულებასთან ახლოს არიან, „ისე როგორც არასდროს“

28 დეკემბერს ფლორიდაში უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა მეტ-ნაკლებად პროდუქტიული აღმოჩნდა, თუმცა მაინც არასაკმარისი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 2025 წელს დასასრულებლად.

სავარაუდოა, რომ ახალი წლის დღეებს უკრაინის მოსახლეობა კვლავ კრემლის აგრესიის ფონზე გაატარებს, რადგან სამშვიდობო გეგმა მხოლოდ 90%-ით არის შეთანხმებული, სადავო საკითხად კი კვლავ დონბასის მომავალი რჩება.

თითქმის 12 წლის წინ უკრაინის კონფლიქტის საწყისად ქცეულმა რეგიონმა, შესაძლოა, 12 წლის შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშოს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულებაში, თუმცა რა ფორმით – ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა დასძენს, რომ უკრაინისთვის აჯობებს, შეთანხმება ახლა შედგეს:

„რუსეთს სურს, რომ უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს. შეიძლება, ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პრეზიდენტს ვუხსნიდი, რომ პუტინი ძალიან კეთილშობილურად იყო განწყობილი უკრაინის წარმატებისადმი, მათ შორის ენერგიის, ელექტროენერგიისა და სხვა საკითხების ძალიან დაბალ ფასებში მიწოდების მიმართ. ასე რომ, დღევანდელი კომუნიკაციიდან ბევრი კარგი რამ გამოვიდა…“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ფლორიდაში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ კიევს 15-წლიან უსაფრთხოების გარანტიას სთავაზობს, როგორც სამშვიდობო გეგმის ნაწილს, თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმითვე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, ეს ვადა საკმარისი არ არის:

„ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილე. ვუთხარი, რომ ომი უკვე თითქმის 15 წელია, გრძელდება, ამიტომ ვისურვებდით, გარანტია უფრო ხანგრძლივი ვადით იყოს. მე მას ვუთხარი, რომ განიხილოს უსაფრთხოების გარანტიების შესაძლებლობა 30, 40 ან 50 წლით. მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ იფიქრებს“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის ძირითად პირობად მოსკოვი კიევისგან ისევ დონბასზე უარის თქმასა და რეგიონიდან ჯარების გაყვანას ასახელებს. კრემლის ამ პოზიციას კი კიევი კვლავ კატეგორიული უარით პასუხობს და კაპიტულაციად აფასებს იმ ნებისმიერ მოცემულობას, რომლის თანახმადაც, დონბასი აღარ იქნება უკრაინის სახელმწიფო საზღვრებში.

„არ ვიცით, როგორ წარიმართა ეს მოლაპარაკებები, ამიტომ მათი შეფასება არ შეგვიძლია. ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვგულისხმობ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებს, შეთანხმდა, რომ მორიგ ჯერზე შედგეს სატელეფონო კომუნიკაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია.

რუსეთი განიხილავს სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი მიზნების მიღწევის კონტექსტში – ეს კი გულისხმობს დონბასიდან რეჟიმის ჯარების გაყვანას ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას ახლა ევროპელი ლიდერები პარიზში გააგრძელებენ. „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლები იანვრის დასაწყისში საფრანგეთის დედაქალაქში შეიკრიბებიან, კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილის განსასაზღვრად.

განსახილველ თემებს შორის იქნება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების საკითხი, რაც მოსკოვისთვის მიუღებელ გარემოებად რჩება. „მსურველთა კოალიციას“ რუსული მხარე მისთვის ჩვეული ეპითეტებით ახასიათებს:

„ე.წ. „მსურველთა კოალიცია“, რომელთაც მე „მყეფარეთა კოალიციას“ ვუწოდებ, ცდილობს, შექმნას ნიადაგი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის სუვერენული აქტივების ჩამორთმევას გულისხმობს. არ მინდა, დავიჯერო, რომ მათ ეს გამოუვათ, რადგან ეს ძალიან დანაშაულებრივი ჩანაფიქრია და მის განმახორციელებლებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ პასუხისგება სინდისის, კანონისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე. თუ ეს მაინც მოხდება, ეს კიდევ ერთხელ გამოავლენს იმ ადამიანების ნამდვილ სახეს, ვისთანაც საქმე გვაქვს ევროკავშირში…“ – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა რუსულ სახელმწიფო მედიასთან საუბრისას.

2025 წელს უკრაინულმა მხარემ საერთაშორისო პარტნიორებთან არაერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გამართა, თუმცა ფაქტად რჩება ის გარემოება, რომ თეთრ სახლში დაბრუნებიდან თითქმის ერთი წლისთავზე დონალდ ტრამპის დაპირება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის „24 საათში დასრულების“ შესახებ სისრულეში ვერ მოვიდა. მშვიდობის მიღწევის გზაზე ძირითად წინაღობად კვლავ მოსკოვის პოლიტიკა რჩება, რომელიც გულისხმობს მშვიდობაზე საუბრის პარალელურად, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი