რუსული ძალები, სადღესასწაულო პერიოდშიც განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე თავდასხმებს, როგორც დრონების ისე სხვადასხვა ტიპის საარტილერიო სისტემების გამოყენებით.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიჰივში, 25 დეკემბერს რუსული დრონის მიერ საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით თავდასხმა მოხდა ასევე სამხრეთით მდებარე ქალაქ ხერსონზე, სადაც რუსული არტილერიის მიერ ადგილობრივ ბაზარზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა.
თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელო, ოლეგ კიპერიც, რომელმაც ტელეგრამზე დაწერა, რომ ოდესის რეგიონში გუშინ ღამით განხორციელებული კიდევ ერთი რუსული დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
კიპერის განცხადებით, იერიშის შედეგად დააზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, ძირითადად ადმინისტრაციული, საწარმოო და სასაწყობო შენობები.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთმა 24 -25 დეკემბერს ქვეყნის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის 131 დრონი გაუშვა, რომელთაგან 106 გაანეიტრალეს, ხოლო 22-მა სამიზნეს მიაღწია.


