23 დეკემვერს გაეროში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებული საგანგებო ბრიფინგის დროს შეერთებულ შტატებსა და ვენესუელას შორის შექმნილი დაძაბულობა განიხილეს.
ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში განაცხადა, რომ კარიბის ზღვის აუზში ომი არ მიმდინარეობს, არც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტია და არც ადგილობრივი. შესაბამისად, მისთვის აბსურდულია, “შეერთებული შტატები ომის წესებს რომ იყენებს”.
მიმდინარე თვეს შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა საერთაშორისო წყლებში ვენესუელის ნავთობის გადამტანი ორი ტანკერი დააკავეს.
ტანკერების დაკავება ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოთხთვიანი ზეწოლის შედეგია.
ტანკერები იმ ფლოტის ნაწილია, რომელსაც ვენესუელა ამერიკის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს.
ვენესუელის პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატმა მარია კორინა მაჩადომ, მხარდაჭერა გამოხატა ტრამპის პოლიტიკის მიმართ. მან ტანკერების დაკავებაც გაამართლა.
ტრამპმა ადრეც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას ბლოკადას შეუქმნის. აშშ-ის ძალები ხშირად აკავებენ ან ანადგურებენ ნარკოტიკებით დატვირთულ გემებსა და ნავებს. დონალდ ტრამპი ახლაც აცხადებს, რომ ვენესუალა ამ სახსრებს მთავრობის დასაფინანსებლად იყენებს.
მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მადუროს ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილია.
„ამ მაგიდასთან ერთ-ერთმა ქვეყანამ საჯაროდ განაცხადა, რომ მას სურს ჩვენი ქვეყნის ანექსია. 16 დეკემბერს მისმა პრეზიდენტმა მოითხოვა, დაუყოვნებლივ დაგვეთმო ჩვენი მიწა, ნავთობი და ჩვენი მინერალები, თითქოს ისინი მათ ეკუთვნოდეთ. მისი თქმით, თუ ჩვენ არ შევასრულებთ მის ულტიმატუმს, მისი საზღვაო ძალები მრისხანებას გამოავლენენ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვდგავართ იმ ძალის წინაშე, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართლს და მოითხოვს, რომ ვენესუელელებმა დატოვონ ქვეყანა, მიატოვონ მდინარე ორინოკო, მარაკაიბოს ტბა, მარგარიტას კუნძული, სანაპიროები, მდინარეები, ვაკეები და მთები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის განახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმას. ამას იგი რამდენიმე კვირაა გვემუქრება. ეს არის ისტორიაში მასშტაბური გამოძალვა, აგრესია და პროგრესის მიმართ გიგანტური დანაშაული, რომელიც სცილდება რაციონალურ პარამეტრს, სამართლებრივ ლოგიკასა და ყველა ისტორიულ პრეცედენტს“. – განაცხადა გაეროში ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, სამეულ მონკადამ.
„დავიწყებ იმით, რაც არაერთხელ მითქვამს. შეერთებული შტატები არ ცნობს ნიკოლას მადუროსა და მის თანამოაზრეებს ვენესუელის ლეგიტიმურ მთავრობად. ნიკოლას მადურო ამერიკულ მართლმსაჯულებას გაექცა. იგი უცხოური ტერორისტული ორგანიზაცია „კარტელ დე ლა სოლისის“ ხელმძღვანელია. სინამდვილეში, მადურომ და მისმა რეჟიმმა არჩევნები გააყალბეს. საერთაშორისო საზოგადოებას ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც აქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ ძალაუფლებას, რათა შეებრძოლოს და გაანადგუროს ეს ნარკოკარტელები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაუსჯელად მოქმედებდნენ ჩვენს ნახევარსფეროში და ეს ყველამ იცის. ამ ნახევარსფეროს, ჩვენს სამეზობლოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს სერიოზულ საფრთხეს სწორედ ტრანსნაციონალური ტერორისტები და კრიმინალური დაჯგუფებები უქმნიან“.,- აცხადებს გაეროში აშშ-ის ელჩი მაიკ უოლცი.
