მთავარიამერიკააშშაშშ „ოქროს ფლოტს“ აშენებს

აშშ „ოქროს ფლოტს“ აშენებს

იმ დროს, როდესაც მსოფლიო შეიარაღების რბოლაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამბიციური ინიციატივებით ჩაერთო და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე თვის წინ პეკინში გამართულ აღლუმზე თანამედროვე ტექნოლოგიების დემონსტრირება მოაწყო, აშშ-ის მმართველობამ ზღვაში დომინანტობის გაძლიერებაზე დაიწყო მუშაობა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამბიციური გეგმა  სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის ახალი, გიგანტური საბრძოლო ხომალდების მშენებლობას ითვალისწინებს.  როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არის „ოქროს ფლოტის“ შექმნის ფართომასშტაბიანი ხედვის ნაწილი.

„გასულ კვირას სამხედრო-საზღვაო ძალებმა გამოაცხადეს სრულიად ახალი კლასის ფრეგატების შესახებ. ისინი აპირებენ, ითანამშრომლონ სამხრეთკორეულ კომპანიასთან. მათ ახლახან განაცხადეს, რომ 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ ფილადელფიის გემთსაშენში. ჩვენ ხელახლა ვხსნით ფილადელფიის გემთსაშენს, რომელიც ოდესღაც დიდებული ადგილი იყო. ის დიდი ხნის წინ მოხსნეს ექსპლუატაციიდან, მაგრამ ახლა კვლავ იხსნება — ის იმუშავებს ფლოტთან და კერძო კომპანიებთან ერთად. დამტკიცდა 26 მილიარდი დოლარი ახალი ხომალდების, მათ შორის ესკადრული ნაღმოსნებისა და სხვადასხვა ტიპის ხომალდების ასაშენებლად. როგორც იცით, ჩვენ უამრავ წყალქვეშა ნავს ვაგებთ, ძალიან ბევრს… რომ დავაზუსტოთ, ამჟამად 15 წყალქვეშა ნავია მშენებლობის პროცესში ან მზად არის დასაწყებად“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

როგორც ტრამპი დასძენს, აშშ-ში 3 ახალი ავიამზიდიც იგება.  აშშ-ის კონგრესისთვის მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩინეთმა ამერიკის საზღვაო ძალებს 2015-იდან 2020 წლამდე პერიოდში რაოდენობრივად გადაასწრო.

აშშ-ის ომის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩინეთის ფლოტი „მსოფლიოში უდიდესია და მოიცავს 370-ზე მეტ პლატფორმას. ამავე ანგარიშის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ფლოტის საბრძოლო ძალა 2025 წლისთვის 395 ხომალდამდე, ხოლო 2030 წლისთვის 435 ხომალდამდე გაიზრდება. შედარებისთვის, 2024 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, აშშ-ის ფლოტი მოიცავდა 296 საბრძოლო ხომალდს.

„ჩვენ ხელახლა ვაშენებთ სამხედრო ძალებს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ერთხელ უკვე გააკეთა. ის ახლაც აგრძელებს იმავეს  გემთმშენებლობაში ისტორიული ინვესტიციებით. ჩვენ აღვადგენთ შეკავების პოლიტიკას — იქნება ეს საზღვრებზე,   „ოქროს გუმბათის“  მეშვეობით, თუ იმით, რაც მოხდა ოპერაცია „შუაღამის უროს“  დროს. ირანმა უკვე ნახა, რა დაემართა მათ ნავებს; ასევე ვხედავთ ჰუსიტების მაგალითს და სავაჭრო გზების გახსნას. ამერიკული ძლიერება დაბრუნდა მსოფლიო არენაზე. „ოქროს ფლოტის“ წარდგენა, რომლის საყრდენიც ახალი სახაზო ხომალდებია, ყველაზე დიდი და ლეტალურია.  სამივე ამ მიზანს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ თაობებს შორის დადებულ იპირობა ამერიკის საზღვაო ძლიერების შესახებ სრულდება“, – თქვა აშშ-ის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა.

კვლევითი ორგანიზაცია „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს: მონაცემებით, ამერიკის საზღვაო ძალების შემადგენლობაში 11 ავიამზიდი, 31 ამფიბიური ხომალდი, 15 საზღვაო კრეისერი, 73 გამანადგურებელი, 23 ფრეგატი და 66 წყაკქვეშა ნავია. ომის დეპარტამენტის ინფორმაციით,  საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობა 340 ათას სამხედრო მოსამსახურეს გულისხმობს.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანი ჯონ ფელანი მოდერნიზაციის შესახებ საუბრისას კიდევ ერთს – ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერებასაც აღნიშნავს –

„აიოვას“ კლასის ხომალდი შექმნილი იყო ყველაზე მძლავრი შემტევი ქვემეხებით და სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს „ტრამპის კლასის“ ახალი ხომალდების შემტევ ძალას – ის იქნება  უფრო ძლიერი.  ეს ხომალდი მხოლოდ შეტევის მოსაგერიებლად არ არის შექმნილი; მისი მიზანია, მისწვდეს და გაანადგუროს თავად მოიერიშეები.  თაობების შემდეგ პირველად ჩვენ გვექნება ამერიკის ბირთვული შეკავების ახალი კომპონენტი, რადგან „ტრამპის კლასის“ ხომალდი აღჭურვილი იქნება საზღვაო ბაზირების ბირთვული ფრთოსანი რაკეტებით. დარტყმის უპირატესობა არ არის ერთადერთი, რაც ამ ხომალდს საზღვაო ბრძოლაში შემოაქვს — მას აქვს ისეთი ზომა და რესურსი, რომ იყოს ფლაგმანი ხომალდი, რაც საზღვაო ძალებს ღია ზღვაში მართვისა და კონტროლის საშუალებას მისცემს.“

ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის გაძლიერებაზე საუბრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ახალი საბრძოლო საშუალებების სამიზნე მხოლოდ ჩინეთი კი არა, არამედ ყველა იქნება. სამხედრო ძალის გაზრდის მიზანი კი არის „მშვიდობა ძალის გამოყენებით“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend