მთავარიკუბიBBC-ის მასალაზე ხელისუფლება სუსის გამოძიების დასრულებას ელის

BBC-ის მასალაზე ხელისუფლება სუსის გამოძიების დასრულებას ელის

„ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა“, – ამბობს ირაკლი კობახიძე, თუმცა დასძენს, რომ შს ყოფილ მინისტრს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 5 დეკემბერს დაკითხეს შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ის ყოფილი უფროსი ზვიად ხარაზიშვილი.

სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დაშლას.

ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არ გამორიცხავენ დემონსტრაციების დაშლისას გარკვეული ქიმიური საშუალებების გამოყენებას, თუმცა აცხადებენ, რომ კონკრეტული დასკვნების გასაკეთებლად, საჭიროა, გამოძიება დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თეორიულად, შესაძლოა, დადგეს ვანო მერაბიშვილის [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შს მინისტრი] პასუხისმგებლობის საკითხიც:

„შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც შეიძინეს თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა, თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა…“

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დაშლისას, შესაძლო ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე 5 დეკემბერს ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის თქმით, ნივთიერება „კამიტი“, რომელზეც საუბარია BBC-ის საგამოძიებო მასალაში, „წყალში საერთოდ არ ზავდება“. მისივე მტკიცებით, „რესპირატორული პრობლემებით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა, 10-მდე პირი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, ხოლო ერთ ადამიანსაც არ დასჭირვებია კლინიკაში ერთი დღე დარჩენა:

„კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს, რა თქმა უნდა, პოლიციასა და საპოლიციო ძალებს უკლებლივ ყველა ნორმალურ ქვეყანაში აქვს უფლება გამოიყენოს სხვადასხვა საპოლიციო საშუალება, მათ შორის, ისეთი, რომელიც იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ცრემლდენას და ა.შ..

ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციას აქვს ასეთი ძალების გამოყენების უფლება, მათ შორის, არის: ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ა.შ…

სიმართლისთვის უნდა ვთქვათ, რომ პიროტექნიკასაც აქვს მავნე თვისებები. ახლავე შეგიძლიათ ვინმემ გახსნათ ტელეფონი, ChatGPT ან ნებისმიერ წყაროში გადაამოწმოთ ინფორმაცია, მაგალითად, დახურულ სივრცეში ამ მასშტაბით ამდენი პიროტექნიკის გამოყენებას რა შეეძლო გამოეწვია ადამიანებისთვის….

გამოყენებულია კონვენციური საშუალებები და ახლა მე მეუბნებიან, რომ კონკრეტული ფორმულა უნდა გამოიკვლიო მარტო იმიტომ, რომ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა BBC-ის, BBC-მ გადაუმოწმებლად, ნებსით თუ უნებლიედ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და ამიტომ თურმე მე უნდა დავჯდე და რაღაც კონკრეტული ინფორმაციები ვარკვიო, რომელიც, აპრიორი ვიცი, რომ აბსოლუტურად მცდარი და მტკნარი ტყუილია…“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

სუსის მიერ წარმოებული გამოძიების იმედი არ აქვთ ფრაქციაში „საქართველოსთვის“. საპარლამენტო ოპოზიციამ BBC-ის რეპორტაჟთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა.

მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ის დეპუტატი, რომელიც არ დაეთანხმება მათ ინიციატივას კომისიის შექმნის შესახებ, „გაიზიარებს პასუხისმგებლობას მომხდარ შესაძლო დანაშაულზე, რომელიც დიდი ალბათობით, დრო მოვა და დადასტურდება, რომ არის დანაშაული, რადგან არის გამოყენებული კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერება“.

ამ კომისიის ფორმატში ისინი მოითხოვენ ირაკლი კობახიძისა და ვახტანგ გომელაურის დაკითხვას. გიორგი გახარიას პარტიისთვის გასული წლის მოვლენების შედარება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიუღებელია, რადგან აცხადებენ, რომ მაშინ დემონსტრანტებს პარლამენტის შენობაზე შტურმი მიჰქონდათ.

BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ამ მოვლენებზე ხელისუფლების მაღალჩინოსანთა შეფასებებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ეხმიანება კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე:

„შეუძლებელია იმ კლასიფიკაციის ქვეშ (UN349 მგონი) რამე ნივთიერება იყოს, რომლის გამოყენებაც ასეთი ფორმითა და ინტენსივობით იქნება დაშვებული…

„[ფრაზა] „აკრძალული არ არის” არ ნიშნავს, რომ ამ ნივთიერებით შეიძლება ათობით ათასი ადამიანის ჭავლით გაწუწვა. ალბათ არსად წერია, რომ აკრძალულია ბენზინის ჭავლით დემონსტრაციის დაშლა, რადგან ასეთი რამ შეიძლება აქამდე არავის მოსვლია აზრად. ბენზინიც ისეთივე გამხსნელია, როგორც BBC-ის იმ ფილმში ნაჩვენები გამხსნელი, რომლის გამოყენებაც უკვე დადასტურდა.

ასევე თავისუფალ გაყიდვაშია უამრავი ისეთი პროდუქტი, რომლებიც შეიძლება სასარგებლოც იყოს თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, მაგრამ შეფუთვაზე აწერია: „არ მოგხვდეთ თვალში”, „შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას”, ამიტომ, „აკრძალული არ არის” ცალკე აღებული არ ნიშნავს არაფერს…“

BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ( ISFED), რომელიც ამბობს, რომ „BBC-ის მიერ გამოქვეყნებულმა საგამოძიებო მასალამ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია“.

ორგანიზაციის შეფასებით, „მთავარი აქცენტი გაკეთდა არა გამოძიების შინაარსის, არამედ გამოძიების წყაროს, მეთოდოლოგიის, მონაწილე ექსპერტებისა და ზოგადად BBC-ის ავტორიტეტის დამსხვრევაზე“.

ISFED-ს მაგალითად მოჰყავს ის გარემოება, თითქოს BBC მხოლოდ ექიმ ჩახუნაშვილების კვლევას დაეყრდნო, ასევე თითქოს ამ მასალით საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი.

ორგანიზაცია სიცრუეს უწოდებს იმ ინფორმაციას, თითქოს BBC არ დაეყრდნო ტოქსიკოლოგებს და აცხადებს, რომ „სინამდვილეში BBC-მ გამოძიების ფარგლებში შეკითხვებით მიმართა ერთ-ერთ გავლენიან ტოქსიკოლოგს, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, პროფესორ კრისტოფერ ჰოლსტიგს“.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალას მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურებაც. ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს:

„თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტოქსიკური იარაღი გამოიყენეს. ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების აშკარა დარღვევაა. მე მჯერა, რომ უნდა ჩატარდეს სრული, კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი გამოძიება. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მისი გზა ევროპისკენ თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული და არა შიშსა და ძალადობაზე“.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის თქმით, „თუ ეს სიმართლეა [ქიმიური საშუალებების გამოყენება], საშინელებაა, საერთაშორისო საზოგადოება ყველაზე მკაცრი სიტყვებით დაგმობს…“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend