მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის. ამერიკული დელეგაცია მოსკოვში ომის დასრულების გეგმის განსახილველად ჩაფრინდა.
შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან კრემლში დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ უიტკოფი მოსკოვში ამერიკის საელჩოში მივიდა და ბოლო ინფორმაციით, უკვე დატოვა ქვეყანა.
პუტინის გარდა, მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ მისი მრჩევლები – იური უშაკოვი და კირილ დიმიტრიევი. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ დიმიტრევმა მხოლოდ ერთი სიტყვა დაწერა პლატფორმა X-ზე – „პროდუქტიული“.
Productive 🕊️ pic.twitter.com/YlkqF0b7tr
— Kirill Dmitriev (@kadmitriev) December 2, 2025
უფრო ვრცლად კი კომენტარი გაკეთა იური უშაკოვმა, რომლის თქმითაც, ჯერჯერობით კომპრომისს ვერ მიაღწიეს:
„ჩვენ არ გვისაუბრია კონკრეტულ ფორმულირებაზე, აშშ-ის კონკრეტულ წინადადებებზე, მაგრამ განვიხილეთ ამ დოკუმენტების არსი. ზოგიერთ საკითხზე შევთანხმდით. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს თავის თანამოსაუბრეებს დაუდასტურა. სხვა საკითხებმა კრიტიკა გამოიწვია. პრეზიდენტს არ დაუმალავს ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. კონკრეტულად განხილული იყო ტერიტორიული საკითხები, რომელთა გარეშეც კრიზისის მოგვარების გზას ვერ ვხედავთ. ასევე მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ჯერჯერობით კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ამერიკული წინადადებებიდან ზოგიერთი მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, მაგრამ მათ განხილვა სჭირდება. არსებობს საკითხებიც, რომელთა ფორმულირებაც ჩვენთვის მიუღებელია. მუშაობა გაგრძელდება”, – განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა იური უშაკოვმა.
კრემლში შეხვედრამდე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა უიტკოფმა, კუშნერმა და სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ფლორიდაში შეხვედრა გამართეს უკრაინულ დელეგაციასთან, სადაც განიხილეს ომის დასრულების გეგმა.
გამოცემა Axios- წყაროს ცნობით, მოსკოვიდან კუშნერი და უიტკოფი გაემგზავრებიან „ევროპის ერთ-ერთი ქვეყანაში“, სადაც უნდა შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
როგორც NBC News რუსულ წყაროზე დაყრდნობით წერს, „არსებობს სამი საკითხი, რაზეც რუსეთი კომპრომისზე არ მიდის“. Axios-ის ცნობით, საქმე შეეხება მოსკოვის მოთხოვნას, გადაეცეს მას მთლიანი დონბასი, შემცირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა და ანექსირებული ტერიტორიები ლეგიტიმურად იყოს აღიარებული აშშ-სა და ევროპის მიერ.
ასევე მცირე კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკომა ჟურნალისტთან, რომელსაც ჰკითხეს, იგეგმება თუ არა საახალწლოდ ზავის დადება. პესკოვის თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და „სულ სხვა პროცესი მიმდინარეობს”.
რაც შეეხება უკრაინას – პრეზიდენტმა ზელენსკიმ კრემლში მოლაპარაკებების დაწყებამდე დაწერა ტელეგრამზე, რომ უკრაინა ელოდება გზავნილებს ამერიკული დელეგაციისგან, რაზეც იქნება დამოკიდებული „სამომავლო ნაბიჯები“.
„მზად ვარ ყველანაირი გზავნილების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე.
აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ მიმდინარე წლის ნოემბერში განახლდა. სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა მედიაში ამერიკული გეგმის პირველი ვერსია: 28-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც არაერთმა ამერიკელმა, ევროპელმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმა უმეტესად, რუსეთისთვის ხელსაყრელ გეგმად შეაფასა.
ამის შემდეგ ჟენევაში საგანგებოდ შეიკრიბნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და უკრაინული დელეგაცია, სადაც არსებული ინფორმაციით, 28-პუნქტიანი დოკუმენტი 19 პუნქტამდე შემცირდა.
რაც შეეხება ომის დასრულების გეგმის უახლეს ვერსიას – მისი დადასტურებული შინაარსი ამ დროისთვის უცნობია.

