სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იბარებს იმ პირებს, ვინც BBC-ის მიერ მომზადებულ მასალაში რესპოდენტებად არიან წარმოდგენილი. თუმცა, დაბარებულთა შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც როგორც რესპოდენტები ფილმსა თუ სტატიაში არ ფიგურირებენ, თუმცა მონაწილეობდნენ სხვადასხვა მასალის შეგროვებაში, ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელმაც თქვა:
„გამოკითხვის დროს, საუბარი იყო, ავიღე თუ არა ანაზღაურება [BBC-სთვის] კომენტარის მიცემაში, რაც ჩემთვის გაუგებარი კითხვა იყო – ამ ყველაფერს იმისთვის აკეთებენ, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული და სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული ქიმიური საშუალება, რომელზეც თვითონ არ საუბრობენ“.
პედიატრი გოგი ჩახუნაშვილი, რომელიც შვილებთან – კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილებთან ერთად იკვლევდა, რა სიმპტომები ჰქონდათ მოქალაქეებს დემონსტრაციების დაშლის შემდეგ, ასევე გამოკითხეს სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. მათი კვლევა BBC-მ საგამოძიებო მასალაში გამოიყენა.
„ეს იყო კლინიკური შრომა, არავითარ სხვა რამეზე არ იყო საუბარი. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ კეთილი ნება ჩვენი მედიკოსების, რომ თუ რამე იქნებოდა აღმოჩენილი, საზოგადოებას გაეგო და გატარებულიყო პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადამიანებისთვის იქნებოდა საჭირო…“ – განაცხადა პედიატრმა, გიორგი ჩახუნაშვილმა.
საერთაშორისო გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ამასთან, 8 პოლიტიკური გაერთანება მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება შეუძლებელია:
„ამ უმძიმესი ბრალდების მიუკერძოებელი, სამართლებრივი გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თუ დადასტურდა, სამართალი აღსრულდეს და დამნაშავე დაისაჯოს, არამედ იმისთვისაც, რომ ქიმიური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკები განვსაზღვროთ და შევამციროთ….
საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების უმძიმესი ბრალდების სრულყოფილი გამოძიება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება – ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტი სწორედ ამ მიზანს უახლოვდება ნაბიჯ-ნაბიჯ…“
მმართველი პარტია BBC-ის მიერ მომზადებულ მასალას სიცრუეს უწოდებს, ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას კი „პროპაგანდისტულ იარაღს“.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ორ დღეში დადასტურდა, რომ ინფორმაცია ნივთიერება „კამიტთან“ დაკავშირებით არის ტყუილი“:
„ეს არის ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებენ მოლაპარაკე თავები, რომელიც გამოაჩინეს კიდევ ერთხელ, ნაფთალინიდან ამოიღეს სალაპარაკოდ. მათ შორის ბროუდერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე საუბრობდა, რომელსაც იმის შემდეგ ხმა არ ამოუღია საქართველოსთან დაკავშირებით და უცებ გამოცოცხლდა, რატომღაც ამ თემით დაინტერესდა. ეს ხომ აჩვენებს, რომ ჩვეულებრივად პროპაგანდისტები გამოიყვანეს იმისთვის, რომ ეს თემა რაიმენაირად შეეფუთათ.
ეს აშკარად არის როგორც პროპაგანდისტული ცრუ ნარატივის გაგრძელება, რაც არის, თავის მხრივ, ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამაშია ჩართული ბრიუსელი. ვნახეთ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული მტრული რიტორიკით გამოირჩევა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება გეგმავს, BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მიმართოს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას.
მანვე დასძინა, რომ „საჭიროების შემთხვევაში“, შესაძლოა, მთავრობამ საერთაშორისო მართლმსაჯულებასაც მიმართოს და დაიწყოს სამართლებრივი დავა ბრიტანულ მაუწყებელთან.
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, BBC-ის მიერ მომზადებული მასალა არის ცრუ და უსაფუძვლო ინფორმაცია, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, თითქოს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენა.
მანვე მომზადებულ საგამოძიებო დოკუმენტურ ფილმსა და სტატიას „უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა:
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება „კამიტი“ არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია…
ცხადია, რომ BBC-ის სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: 1) შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და 2) ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, BBC-ის მიერ მომზადებულ მასალას აქვს კიდევ ერთი მიზანი:
„ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ…“
BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ 1-ელ დეკემბერს განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.
მმართველმა პარტიამ ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ე.წ.„დიფ სტეიტის“ მსახურებაში დაადანაშაულა.

