მთავარიკუბიBBC-ის საგამოძიებო მასალა, შესაძლოა, საერთაშორისო დავის საგანი გახდეს

BBC-ის საგამოძიებო მასალა, შესაძლოა, საერთაშორისო დავის საგანი გახდეს

1-ელ დეკემბერს BBC-მ გაავრცელა საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი და სტატია, რომელშიც აცხადებს, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული დემონსტრაციებისას ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გამოიყენა ქიმიური საშუალება „კამიტე“.

ბრიტანული მაუწყებლის თანახმად, ქიმიურ საშუალება „კამიტეს“ საფრანგეთი გერმანიის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს იყენებდა. მიიჩნევა, რომ ის 1930-იან წლებში ამოიღეს მოხმარებიდან, რადგან მისი მოქმედების ხანგრძლივი ეფექტი შემაშფოთებელი იყო. BBC-ის მასალის მიხედვით, ქიმიურ საშუალებას საქართველოს შსს წყლის ჭავლში შერევით იყენებდა.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ეყრდნობა რამდენიმე პირის ინტერვიუებსა და შიდა დოკუმენტებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, პოლიციის მაღალჩინოსნებისგან გამოითხოვა.

რესპონდენტებს შორის არიან პროტესტის მონაწილე და ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელმაც 350-ზე მეტი დაზარალებული გამოიკვლია და, როგორც ამბობს, მათგან ნახევარზე მეტს 30 დღეზე მეტი ხანგრძლივი სიმპტომები ჰქონდა. სიმპტომებს შორის კი იყო: მკვეთრი კანის დაწვა, ქოშინი, ხველა, გულისრევა, თავბრუსხვევა და ღებინება.

ასევე BBC ესაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს, გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანსა და 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილს, სამოქალაქო აქტივისტსა და პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ გელა ხასაიას, პროევროპული დემონსტრაციებისას სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მიერ ნაცემ ზვიად მაისურაძეს, ასევე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების საკითხებში, ელის ედვარდსს.

ელის ედვარდსი აცხადებს, რომ მოსახლეობა არასოდეს უნდა დაექვემდებაროს ექსპერიმენტებს, ეს აბსოლუტურად არღვევს ადამიანის უფლებათა კანონმდებლობას.

BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

უწყების თანახმად, სამართალწარმოება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 319-ე მუხლებით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სუსის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, „რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ, „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციასა და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.

მანამდე BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელის შეტანის თაობაზე განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“.

მმართველი პარტიასა და ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას შორის სამართლებრივი დავის მიზეზი გახდა მის მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, გამართული პროევროპული დემონსტრაციებისას, საქართველოს ხელისუფლება პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ საშუალებას იყენებდა, სახელწოდებით „კამიტე“.

„ქართული ოცნება“ BBC-ის ე.წ. „დიფ სტეიტის“ მიერ „მართულ პროპაგანდისტულ იარაღს“ უწოდებს და იხსენებს რამდენიმე კვირისწინანდელ სკანდალს, როდესაც მედიასაშუალებამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, დამონტაჟებული ინტერვიუ გაავრცელა.

ამ მასალის გამოქვეყნების გამო მაშინ თანამდებობები დატოვეს მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა.

ერთობლივი განცხადებით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს 8 ოპოზიციური პარტია.

ისინი მოუწოდებენ დასავლელ პარტნიორებსა და სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, შექმნან დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც „სრულად გამოიკვლევს ფაქტობრივ გარემოებებს და განსაზღვრავს როგორც გამოყენებული ნივთიერებების ხასიათს, ისე იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც, შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი დარბევის ორგანიზებაში“.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობაში, სადაც „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ პოლიტიკურ ძალას ემორჩილება“, შიდა, მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია. მათი შეფასებით, ავტორიტარული და არალეგიტიმური ხელისუფლება არ გეგმავს საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას – მაშინ, როცა „ნებისმიერი ანგარიშვალდებული და დემოკრატიული მთავრობა ასეთ შემთხვევაში სწორედ ასე მოიქცეოდა“.

განცხადებაში პარტიები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც, შესაძლოა, გამოიყენონ საერთაშორისო ნორმების დარღვევითა და მოქალაქეების წინააღმდეგ.

ოპოზიციის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი პრევენციული ზომა იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.

ხელისუფლების ოპონენტთა ცნობით, ისინი უკვე აგროვებენ და ამუშავებენ ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება „ბიბისის” მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს და მზად არიან ეს მასალები საერთაშორისო საგამოძიებო ინსტიტუტებს გადასცენ.

საქართველო არის ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ხელმომწერი და მონაწილე სახელმწიფო. ქვეყანამ კონვენციას ხელი მოაწერა 1993 წელს. დოკუმენტი ძალაში შევიდა 1997 წლის 29 აპრილიდან.

ეს ნიშნავს, რომ საქართველო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრია და უნდა ასრულებდეს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.

ქიმიური საშუალებების გამოყენებას კრძალავს საქართველოს კანონმდებლობაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend