აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების მიზნით თავის წარმომადგენლებს გზავნის კიევსა და მოსკოვში. მისი თქმით, მოსკოვში სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ხოლო არმიის მდივანი, დენ დრისკოლი – უკრაინის ხელისუფლებას.
„აშშ-ის მიერ შედგენილი 28-პუნქტიანი მშვიდობის გეგმა დაიხვეწა და ორივე მხარის შენიშვნები გაითვალისწინეს. ახლა მხოლოდ რამდენიმე საკამათო პუნქტია დარჩენილი“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრას ელოდება, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ისე ვლადიმირ პუტინთანაც, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი შეხვედრა მხოლოდ მაშინ გაიმართება, როდესაც „ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო იქნება”.
საერთაშორისო ყურადღება ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ არის მიმართული. დასავლური მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, საიდან წამოვიდა სამშვიდობო გეგმის შეთანხმების საკითხი.
ამერიკელი ოფიციალური პირების კომენტარები პუნქტების შესახებ ხშირად ურთიერთგამომრიცხავი იყო, ხოლო რუსეთის მხარე ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებდა. გეგმის რეალური ავტორობაც გაურკვეველი რჩებოდა.
გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, ტრამპის გუნდმა დაიწყო მუშაობა უკრაინა–რუსეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ახალ გეგმაზე. WSJ-ის წყაროების მიხედვით, გეგმის ავტორებად მოიაზრება ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი (რომელსაც ადმინისტრაციაში ოფიციალური თანამდებობა არ უკავია) და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ორივე მათგანი ჩართული იყო ღაზის შეთანხმების პროცესშიც.
გამოცემის ინფორმაციით, უიტკოფი და კუშნერი გეგმაზე მუშაობდნენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში და ეყრდნობოდნენ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკონომიკურ საკითხებში კირილ დიმიტრიევი აწვდიდა. WSJ-ის წყაროების მიხედვით, დიმიტრიევი ჰელოუინამდე ჩავიდა მაიამიში, სადაც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური დისკუსიები.
ამავე პერიოდში მაიამაში მიიწვეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რუსტემ უმეროვი. WSJ-ის ცნობით, მან პირდაპირ თქვა, რომ ამ სახით გეგმა უფრო რუსეთისთვის არის სასარგებლო, ვიდრე უკრაინისთვის. უმეროვმა ურჩია კუშნერს და უიტკოფს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაკავშირება. ზელენსკიმ მათ უპასუხა, რომ დოკუმენტზე მუშაობაა კიდევ საჭირო.
18 ნოემბერს გეგმის ასლი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიიღო. გამოცემის ცნობით, რუბიომ იცოდა, რომ კუშნერი და უიტკოფი მუშაობდნენ პროექტზე, თუმცა არ იცნობდა შინაარს. იმავე დღეს გეგმის არსებობის შესახებ შეიტყო გამოცემა Axios-მა, რომელმაც გაავრცელა თავდაპირველად ინფორმაცია 28-პუნქტიანი გეგმის შესახებ.
რაც შეეხება გამოცემა Bloomberg-ის გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც ასევე შეეხება მოლაპარაკებების საწყისებს, ის ეყრდნობა ორ სატელეფონო საუბარს, რომელიც შედგა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვს შორის და ასევე მეორე აუდიოჩანაწერს, რომელიც შეეხება უშაკოვსა და პუტინის ეკონომიკური მრჩევლის, კირილ დიმიტრიევის საუბარს.
Bloomberg არ აკონკრეტებს, როგორ და საიდან მოიპოვა ეს აუდიოჩანაწერი.
სტატიის მიხედვით, უიტკოფი უშაკოვს სთავაზობს, რომ ზელენსკის ვიზიტამდე ვაშინგტონში პუტინი დაუკავშირდეს ტრამპს. გარდა ამისა, უიტკოფი აძლევს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა წამოწიოს პუტინმა ტრამპთან სამშვიდობო გეგმის საკითხი. გაშიფრული ტექსტის მიხედვით, უიტკოფი ურჩევს უშაკოვს, რომ პუტინმა მიულოცოს ტრამპს ღაზაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება და გამოხატოს მხარდაჭერა, ასევე პატივისცემა პრეზიდენტის მიმართ როგორც მშვიდობის მომტანი ადამიანის.
რაც შეეხება დიმიტრიევის და უშაკოვის საუბარს, Bloomberg-ის ცნობით, ისინი მსჯელობდნენ, რა მასშტაბით უნდა ითხოვდეს მოსკოვი თავის პირობებს სამშვიდობო გეგმაში.
ოფიციალური კომენტარი სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს სტატიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
Bloomberg-ის სტატიას პლატფორმა X-ზე ჯერჯერობით გამოეხმაურა მხოლოდ კირილ დიმიტრიევი და დაწერა მხოლოდ ერთი სიტყვა – „ყალბი“.
Fake
— Kirill Dmitriev (@kadmitriev) November 25, 2025

