მთავარიკუბიაშშ-ში დემოკრატებმა ჯეფრი ეფშტეინის მიმოწერის ნაწილი გამოაქვეყნეს

აშშ-ში დემოკრატებმა ჯეფრი ეფშტეინის მიმოწერის ნაწილი გამოაქვეყნეს

წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა დემოკრატებმა გამოაქვეყნეს ძალადობასა და ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეფშტეინის ახალი ელექტრონული მიმოწერა.

„ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა დემოკრატებმა მიიღეს ახალი ელექტრონული მიმოწერა ჯეფრი ეფშტეინის მემკვიდრეობისგან, რომელიც სერიოზული კითხვებს აჩენს დონალდ ტრამპისა და მის ხელთარსებული ინფორმაციის შესახებ ეფშტეინის აღმაშფოთებელი დანაშაულების შესახებ“, – ვკითხულობთ  სოციალურ ქსელ „იქსზე” დემოკრატების მიერ გამოქვეყნებულ მიმოწერაში.

საუბარია ათასობით დოკუმენტზე, რომლებიც ატვირთულია კომიტეტის ვებგვერდზე.

ერთ-ერთ წერილში, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 2 აპრილით, ეფშტეინი წერს თავის დაახლოებულ პირს, გისლეინ მაქსველს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა აქვს ამჟამად მისჯილი ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ექსპლუატაციის გამო.

ეფშტეინი: „მინდა გააცნობიერო, რომ ის ძაღლი, რომელსაც არ დაუყეფია, ტრამპია…  საათები გაატარა მასთან ერთად ჩემს სახლში, თუმცა ის არც ერთხელ არ უხსენებიათ… პოლიციის უფროსი და ა.შ. მე 75%-ით დარწმუნებული ვარ“.

მაქვსელი პასუხობს: „მე ამაზე ვფიქრობდი…“

ამ წერილების კონტექსტი გაურკვეველია. ეფშტეინი ამ დროს უკვე გათავისუფლებული იყო 13-თვიანი პატიმრობის შემდეგ.

სხვა წერილში, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 31 იანვრით, გაგზავნილია ჟურნალისტ მაიკლ ვულფთან, რომელშიც ეფშტეინი წერს, რომ ტრამპმა მას მარალაგოს კლუბიდან წასვლა სთხოვა.

„ტრამპმა თქვა, რომ მან მთხოვა გარიცხვა. მე არასდროს ვყოფილვარ წევრი. რა თქმა უნდა, მან იცოდა გოგონების შესახებ, რადგან სთხოვა გისლეინს რომ გაჩერდეს“, – წერს ეფშტეინი.

თეთრ სახლში მანამდე ამბობდნენ, რომ ტრამპმა ეფშტეინს აუკრძალა მარალაგოში, თავის რეზიდენციაში შესვლა, რადგან ის „ნაძირალა“ იყო და ტრამპის თქმით, სპაცენტრიდან თანამშრომელ გოგონებს „ჰპარავდა“.

წერილებში, რომლებიც გამოქვეყნდა, არ არის ნახსენები მსხვერპლის სახელი. კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრებმა განაცხადეს, რომ წერილში საუბარია ვირჯინია ჯუფრზე – ეფშტეინის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი. როგორც ჯუფრი ამბობდა, მას არ უნახავს, რომ ტრამპი ეფშტეინის სახლში ძალადობაში მონაწილეობდა.

წერილებს გამოეხმაურა თავად ტრამპიც:

„დემოკრატები ცდილობენ, კვლავ წამოწიონ ჯეფრი ეფშტეინის ფალსიფიკაცია, რადგან ისინი ყველაფრისთვის არიან მზად, რათა გადაიტანონ ყურადღება საკუთარი მარცხებიდან, რომლებიც დაკავშირებულია მთავრობის დახურვასა და სხვა მრავალ საკითხთან. მხოლოდ ძალიან ცუდი და სულელი რესპუბლიკელი მოხვდება ამ ხაფანგში“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ ფინანსიტ ჯეფრი ეფშტეინს წარუდგინეს ბრალი ადამიანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ექსპლუატაციაში. გამოძიების თანახმად, ფინანსისტი სექსუალურად ძალადობდა არასრულწლოვანებზე და შემდეგ გადასცემდა გავლენიან ადამიანებს. ეფშტეინი 2019 წელს დააკავეს და ერთი თვის შემდეგ მან ციხეში თავი მოიკლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend