საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის ახალი საქმეები აღძრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ.
გამოძიება მათ ნაწილს ედავება საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრული საქმიანობაში დახმარებას, ნაწილს კი ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას. ბრალდებულთა შორის არიან კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერები: ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია; პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე კოალიციის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ამ ორი პოლიტიკოსის შემთხვევაში, პროკურატურა გირაოს მოითხოვს.
საქართველოს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით:
„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ, ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აირჩია პოლიტიკა, აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ არ დაეწესებინა ეკონომიკური სანქციები და ქვეყანაში შეენარჩუნებინა მშვიდობა. აღნიშნულის გამო საქართველოში მოქმედი ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად“.
გამოძიების ვერსიით, საქართველოს 300-მდე მოქალაქის, მათ შორის პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და ბიზნესმენების დასანქცირება უკავშირდება კონკრეტული ოპოზიციონერი ლიდერების საქმიანობას:
„ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ინფორმაციას და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს“.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ისაუბრეს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩებში განვითარებულ პროცესებზე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა „ხელი შეუწყეს ქუჩის პროტესტის რადიკალიზაციას“:
„2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, თითქოსდა არჩევნების გაყალბების საბაბით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკანორ მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დაიწყეს აქტიური მოქმედება ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის. დასახელებული პირები საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ…
კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მასის მობილიზების, თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩართვის მიზნით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი სოციალური გვერდის გამოყენებით, ასევე ვიდეო-მიმართვებში, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცელდებოდა, მხარდამჭერებს საქვეყნოდ მოუწოდებდა კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისკენ, რომ საჭირო იყო ბრძოლა და აგრესიული წინააღმდეგობა. განცხადებებში ასევე მოუწოდებდა მხარდამჭერებს სამთავრობო შენობების დაკავებისკენ და „რეჟიმის ჩამოშლისკენ“…
უწყების ხელმძღვანელის, გიორგი გვარაკიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, 2024 წლის 28 ნოემბერს მოქალაქეები შეიკრიბნენ „ლიდერების მოწოდებით“, რამაც მოგვიანებით გამოიწვია „პოლიციის თანამშრომლებთან დაწყებული ძალადობრივი დაპირისპირება“:
„შედეგად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს სამართალდამცავი უწყების 158 თანამშრომელს, მათ შორის რამდენიმე მათგანს მიყენებული ჰქონდა მძიმე დაზიანებები, ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობაში არსებულ ოთახებს, რითაც მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობა, ასევე ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის კუთვნილ სპეციალურ ტექნიკას, გაანადგურეს რუსთაველის გამზირზე სახელმწიფოს და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება…“
აღძრულ სისხლის სამართლის ახალ საქმეებს ხელისუფლების ოპონენტები აღიქვამენ როგორც პასუხს ევროკომისიის 4 ნოემბრის კრიტიკულ ანგარიშზე.
„ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია – ეს არის ჩვენი ერთიანობა“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
კოალიციაში „ცვლილებისთვის“ მიაჩნიათ, რომ არსებულ პირობებშიც კი შეძლებენ შექმნან „ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტი“:
„გვესმის, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს, რომ მთელ ქვეყანასა და მსოფლიოს გააგებინოს, რომ აქ ცვლილებების შანსი არ არის. მათი გადმოსახედიდან, ამან ქართველ ხალხში უიმედობის განცდა უნდა გამოიწვიოს. მაგრამ უიმედობის ნაცვლად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლის უფრო დიდ მოტივაციას გამოიწვევს…“ – განაცხადა ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.
წარდგენილი ბრალის გასაცნობად ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურაში მივიდა კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე. მისი განცხადებით, პროკურატურა ასრულებს „პოლიტიკურ დავალებას“, რომლის ამოცანაც, მისი შეფასებით, არის, საქართველოში „გაანადგუროს პოლიტიკოსები და პოლიტიკა“:
„ის აბსურდი, რაც მე მოვისმინე , რომ ბრალი გვედება სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟში, ეს არის რეალობის შებრუნება, რადგან რეალობა არის ის, რომ „ქართული ოცნება” ეწევა საბოტაჟს სახელმწიფოს მიმართ…“ – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
პროკურატურის გამოძიების სამიზნე არ გამხდარა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია, თუმცა მის პოლიტიკურ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის „ქართული ოცნებისგან“ „გასაკვირი აღარაფერი არის“:
„საერთოდ გაუგებარია, ვინ არის მტრული სახელმწიფო. პროკურატურა საუბრობს მტრული სახელმწიფოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ დროს არ ასახელებს, ვინ არიან მტრული სახელმწიფოები. პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა განმარტოს, ვის გულისხმობს. ჩვენ კი ვხვდებით ვის გულისხმობს – ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გულისხმობს მართლაც მტრულ სახელმწიფოს – რუსეთს…“ – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადებაში არსად არ ყოფილა საუბარი კონკრეტული სახელმწიფოსა თუ სახელმწიფოების მტრულად გამოცხადებაზე:
„აქ [პროკურატურის განცხადებაში] საუბარია იმაზე, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქმიანობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც პროკურორმა თქვა, ეს ადამიანები აძლევდნენ უცხო ქვეყანას გარკვეული საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების სიას და ითხოვდნენ მათ დასანქცირებას. ნუ შემიყვანთ პროკურატურის კომპეტენციაში. მე ვამბობ, რომ იმაში, რაც განაცხადა პროკურორმა, ახალი არაფერი არ არის, იმიტომ რომ ამას ჩვენ ყველა პირდაპირ ეთერში ვუყურებდით…“ – თქვა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
მმართველი პარტიის მტკიცებით, სამართალწარმოება დაწყებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის და არა „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ საფუძველზე.
„კომისია იყო შექმნილი პარლამენტში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები განისაზღვრა, რომლებსაც ქვეყანა არ აინტერესებთ, არ აინტერესებთ მომავალი, სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ. როდესაც პოლიტიკოსი ხარ, კონკრეტულ პარტიას წარმოადგენ, ხალხს უნდა ემსახურებოდე.
როდესაც წარმოადგენ ჩვენს ქვეყანას და ახორციელებ პოლიტიკურ საქმიანობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დაიცვა შენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები. როდესაც აგენტი ხარ, უსამშობლო, კონკრეტული მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ითვალისწინებდნენ სხვადასხვა ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით. ეს ძალიან მძიმეა…“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
გარდა პროკურატურის მიერ დაწყებული სამართალწარმოებისა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, „ქართულმა ოცნებამ“, 88 დეპუტატის სახელით წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. სარჩელით მმართველი პარტია მოითხოვს კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას მოითხოვს. კერძოდ, ესენია: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, კოალიცია „ცვლილებისთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელო“.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეს განიხილავს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც 2004-2009 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. ასევე, ის იყო 2008 წელს მოკლული როინ შავაძის საქმის პროკურორი.
