მთავარიკუბისასამართლომ გამოაცხადა განაჩენები 2-3 ნოემბერს დაკავებულთა საქმეებზე

სასამართლომ გამოაცხადა განაჩენები 2-3 ნოემბერს დაკავებულთა საქმეებზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო 2-3 ნოემბერს დაკავებული პირები, რომლებსაც შსს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა.

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული გაგრიდან დევნილ აზა ჩილაჩავას. მისი პატიმრობა ითვლება დაკავების მომენტიდან, ანუ 2 ნოემბრის საღამოს 22:00 საათიდან.

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისთანავე, 71 წლის ქალმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. სოლიდარობის ნიშნად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ მეყანწიშვილმა.

3 ნოემბერს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ერთი ოჯახის ოთხი წევრის მიმართ. მასწავლებელსა და ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელ მანანა ჯავაშვილს „გზის გადაკეტვის“ მიზეზით მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მის ორ შვილს – ლადო და გიგა წიბახაშვილებს კი 8-8 დღით.

სამართალწარმოება მიმდინარეობს მანანა ჯავაშვილის დის, ეკა ჯავაშვილის, წინააღმდეგაც.

„გზის გადაკეტვისთვის“ 10 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა სამოქალაქო აქტივისტს, ანასტასია ჯაფარიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასამართლომ დარბაზიდან, სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლა. მისი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ.

ამასთან, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლით დაიწყო სამართალწარმოება ზურაბ მენთეშაშვილის წინააღმდეგ, რომელიც 25 ოქტომბერს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დააკავა.

უწყება სასამართლოსგან მისთვის სასჯელის უმკაცრესი ფორმის, პატიმრობის, გამოყენებას მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend