მთავარიკუბიგრძელდება მოქალაქეთა დაკავება „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით

გრძელდება მოქალაქეთა დაკავება „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით

„სხვაში შეგვეშალეთ“ – ეს უთხრეს სამართალდამცველებმა გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტ ბასტი მგალობლიშვილს მას შემდეგ, რაც ის 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

ბასტი მგალობლიშვილის თქმით, ის სახლთან დააკავეს მაშინ, როცა ტაქსიში ჯდებოდა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, მან პოლიციელებს წარუდგინა პრესბარათი და უთხრა, რომ რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„იყო ისეთი შეკითხვები, რომლებიც მარწმუნებს, რომ ის, რომ შევეშალე – არის ტყუილი. მკითხეს – ბებიაშენია ხომ ახლა ჩამოსული შენთან და მართლაც, ბებიაჩემი გურიიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღით და ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ ჩემზე“, – თქვა ბასტი მგალობლიშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

„პუბლიკას“ ცნობით, შსს-მ განაცხადა, რომ ბასტი მგალობლიშვილი დაკავებული არ ყოფილა და ის გადამოწმების მიზნით გააჩერეს:

„არც არსად გადაუყვანიათ, გადაამოწმეს და წავიდა თავის გზაზე. მის მიმართ სამართალწარმოებაც არ არის, რომ ყოფილიყო, გააცნობდნენ ადგილზე შესაბამისად“.

სავარაუდოდ, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით შსს-მ დააკავა ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე მაიკო ბოკერია. მათ მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს მედიის ადვოკატირების კოალიცია:

„ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე კარიერის მდუმარედ გაგრძელებას მისი მხილება და წინააღმდეგობა არჩია. მისი უწყვეტი პროტესტი, მზია ამაღლობელისადმი მისი თანმიმდევრული მხარდაჭერა სოლიდარობის მაგალითი უნდა იყოს საზოგადოებისთვის“.

დაკავებულ მედიაწარმომადგენლებს შორის არის ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მასაც, სავარაუდოდ, „შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევას“ ედავებიან. მომხდართან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“:

„მიმდინარე რეპრესიები „ფორმულას“ მრავალი ფორმით შეეხო – ტელეკომპანიის დამფუძნებელ გიორგი ლიფონავამდე დააკავეს და ციხეში ჩასვეს მისი წამყვანები და ჟურნალისტები – ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია. დღესვე აიყვანეს გადაცემა „ყოველდღეს“ თანაწამყვანი ზვიად კვარაცხელია.

საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული რეპრესიები მძიმედ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შემთხვევითი არ არის, რომ დაკავებულთა შორის მედიასთან დაკავშირებული ამდენი ადამიანია“.

24 ოქტომბერს ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია. ის სამართალდამცველებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.

დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების დაკავების შესახებ. მათ შორის არიან პარტიების „დროასა“ და „ფედერალისტების“ წევრები – ნათია ლეთოდიანი და თენგო კირთაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს „დროას“ კიდევ ერთი წევრი გიგა ლემონჯავა.

24 ოქტომბერს დაკავებულთა შორის არის ზურაბ ცეცხლაძე, პროევროპული დემონსტრაციებისას დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend