მთავარიკუბი„პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კანონები შერჩევითად სრულდება“ - აცხადებენ სამოქალაქო სექტორში

„პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ კანონები შერჩევითად სრულდება“ – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში

22 ოქტომბრის საღამოს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებულთა საქმეებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. მათი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით, წინააღმდეგობის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა.

„პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონები ამორჩევით სრულდება, ასევე ამორჩევით აკავებენ დემონსტრანტებს. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშისა და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს…
დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა, წინა დღეებში, მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა…“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცალკე განცხადებით ეხმაურება „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებას, რომელსაც „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ორგანიზაციის განმარტებით, აფგან სადიგოვის უფლებები არაერთხელ დაირღვა:

„აფგან სადიგოვი განმარტავს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს რამდენიმე საათი ჰყავდათ ავტომობილში მოთავსებული და ხელებზე ძლიერად ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილი. პოლიციის თანამშრომლებმა მას არ მისცეს ადვოკატთან დარეკვისა და გასაუბრების შესაძლებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის დროს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს ვიდეომასალა, რომელშიც ადგილზე მყოფ პირებს მოუწოდებდნენ გზის გათავისუფლებისკენ ქართულ ენაზე. მიუხედავად ადვოკატის განმარტებისა, რომ აფგან სადიგოვს არ ესმის ქართული ენა, მოსამართლემ აღნიშნული გარემოება არც კი შეაფასა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოიყენა ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი“, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

22 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მის მხარდასაჭერად „ფეისბუკზე“ პოსტს ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე:

„ცუდ სპირალში შედის ქვეყანა და კიდევ ერთხელ ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იქ გადაწყდეს სიტუაციის განმუხტვის ნაბიჯები, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

გავიმეორებ, რაც მრავალჯერ დავწერე, რომ დათმობა ყოველთვის სიბრძნის ნიშანი და უფრო ძლიერის პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე…“

22 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა შორის არიან ასევე „ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის“ წევრები – ლადო ჯახუა და თორნიკე კაკალაძე  და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „წიგნების თაროს“ ყოფილი მონაწილეები – ნეკა ნათელაშვილი და ნუკრი კაკალია.

შსს-ს მხრიდან საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა სამოქალაქო აქტივისტი ნინი ნაჭყებია. შსს მასაც ედავებოდა 22 ოქტომბერს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“. ძალოვან უწყებას კი მოსამართლემ საკმარისი მტკიცებულებების წარმოსადგენად ვადა 19 ნოემბრამდე მისცა.

პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, „ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მუშაობს“, თუმცა დასძენს, რომ სახელმწიფო „არ უნდა მოდუნდეს“:

„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა, არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოოდ, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 3 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ, რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა…

50 კაცი კეტავს ქუჩას, აქედან 20-25 ადამიანს აკავებს პოლიცია, რაც ეფექტურად მუშაობს. მადლობა მინდა, გადავუხადო შსს-ს. პროტესტი არ არსებობს. როდესაც რუსთაველის გამზირზე ვერ გამოგყავს, სრული მობილიზაციის პირობებში, 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ პროტესტი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალური აქცია“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend