შსს-ს თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით, „გზის ხელოვნურად გადაკეტვისა“ და „სახის დაფარვის“ ბრალდებებით კიდევ 12 პირია დაკავებული.
უწყებამ მხოლოდ მათი ინიციალები გამოაქვეყნა.
„აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, კვლავ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებას, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ საავტომობილო გზას და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
შევახსენებთ სამართალდამრღვევ პირებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი განმეორებით ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება…“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ძალოვანი სტრუქტურა მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უწყება განმარტავს, „სამართალდამცველები იმოქმედებენ კანონის შესაბამისად“.
შსს-ს განცხადებამდე, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია კიდევ რამდენიმე დემონსტრანტის დაკავების შესახებ.
მათ შორის იყო პროტესტის მონაწილე, 82 წლის გიორგი ვაჩაძე. მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
ასეთივე ზომა თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 71 წლის აზა ჩილაჩავას მიმართ, რომელსაც შსს-მ 19 ოქტომბერს აქციაზე პირბადის ტარებისთვის ოქმი შეუდგინა.
8-8 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ სამოქალაქო აქტივისტს, ირაკლი წულაიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, გიორგი წულაიას. ორივე მათგანს შსს ედავებოდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.
22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა რეჟისორ გიორგი თავართქილაძის პროცესიც. მას მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროც მოითხოვდა. ამასთან, გიორგი თავართქილაძე ორჯერ დაჯარიმდა „სასამართლოს შეურაცხყოფისთვის“, ჯამში 300 ლარის ოდენობით.
20 ოქტომბერს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე თავად მივიდა თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილებაში და მოითხოვა დაკავება. მან განაცხადა, რომ ეს იყო მისი პროტესტის ფორმა, რადგან უსამართლოდ და უკანონოდ მიიჩნევდა აქციის სხვა მონაწილეების დაკავებას.

