მთავარიკუბიშსს-ს თანახმად, ადმინისტრაციული წესით კიდევ 14 პირი არის დაკავებული

შსს-ს თანახმად, ადმინისტრაციული წესით კიდევ 14 პირი არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვისა“ და „სახი დაფარვის“ ბრალდებებით კიდევ 14 პირი დააკავა. ინფორმაციას თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ადასტურებს.

„დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის. აქედან გამომდინარე თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისაგან.

მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად კეტავენ გზის სავალ ნაწილს და აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას. ასევე დემონსტრანტების ნაწილს შენიღბული აქვს სახე რაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, ამასთან, აქციის მონაწილეებს, სამართალდამცველებმა ადგილზე არაერთხელ განუმარტეს, რომ არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, თუმცა მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება…“ – განაცხადა შსს-ს მაღალჩინოსანმა.

21 ოქტომბერს სამართალდამცველებმა დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანიაც.

დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ცირა ჟვანიამ პოსტი „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას საცხოვრებელ სახლთან მიაკითხეს.

თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამ“:

„6 და 5 დღით ციხეში უკვე ჩასვეს „ფორმულას“ წამყვანები ვახო სანაია და ქეთა ციციქიშვილი. რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას.

მისი თანამშრომლების დაკავებას „ფორმულა“ განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა,“ – წერია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტის ადმინისტრაციული წესით დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სადაც მსგავს ნაბიჯებს „ტელეკომპანია „ფორმულას“ ფუნქციონირების შეწყვეტის მიზანმიმართულ მცდელობად“ მიიჩნევს.

ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული სხვა სფეროს წარმომადგენლებიც. მოსამართლე თორნიკე ქოქჩიანმა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა მწერალ ბექა ქურხულსაც. დაკავების შესახებ „ფეისბუკზე“ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა ძმამ, ლექსო ქურხულმა გაავრცელა.

საცხოვრებელ სახლთან დააკავეს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კახა მიქაია, ასევე მისი შვილიც, კონსტანტინე მიქაია. ორივე მათგანს სასამართლომ 14-14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანამდე, როგორც მათი ოჯახის წევრი ნუცა კასრაძე ამბობდა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ჩართვაში, ავტომობილი კახა მიქაიას მთელი დღის განმავლობაში დარაჯობდა სახლთან.

მისივე თქმით, იმ ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც კახა მიქაია გააჩერეს, სამოქალაქო ტანისამოსი ეცვათ და არ ჰქონდათ პოლიციის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები. მოგვიანებით, კახა მიქაია თბილისის საქალაქო სასამართლომ საპოლიციო ეკიპაჟმა გადაიყვანა.

დაკავებულთა შორის არის სამოქალაქო აქტივისტი იმედია კლდიაშვილი, მას სასამართლომ 9-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ბაჩო კუცია, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილეა, სასამართლომ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე ის 19 ოქტომბერს გააჩერა, შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა მაშინვე გაათავისუფლა.

მოქალაქეთა, მათ შორის ჟურნალისტების ადმინისტრაციული წესით დაკავებებს ეხმიანება მმართველი პარტია. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის ჟურნალისტები არ არიან:

„ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. რაც უნდათ, ის გამოხატონ, მაგრამ კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა, ხომ? ეს არის კანონდარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისა“ და „სახის დაფარვის“ ბრალდებებით დაკავებები 18 ოქტომბრიდან დაიწყო. მანამდე კი, 16 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“, წინააღმდეგობის გარეშე მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend