მთავარიკუბი„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკავებული ჟურნალისტების საქმე

„გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ დაკავებული ჟურნალისტების საქმე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტების საქმეზე განცხადებებს ავრცელებენ „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ და „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”.

საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილზე, რომელიც პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან 20 ოქტომბრის შუადღისით დააკავა.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჟურნალისტების დაკავება მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე პირდაპირი შეტევაა“:

„ასეთ პირობებში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რაც დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების უფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ქეთა ციცქიშვილს, ვახო სანაიასა და ყველა უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლნი გახდნენ. კოალიცია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ჟურნალისტების მიმართ მიზანმიმართული დევნის შეწყვეტას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილს სოლიდარობას უცხადებს „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. ორგანიზაციის განცხადებით, მედია რჩება „ქართული ოცნების“ სამიზნედ:

„მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა – დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის“.

დაკავების შესახებ ინფორმაცია ქეთა ციცქიშვილმა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გაავრცელა. მოგვიანებით ის შსს-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანა.

ჟურნალისტის დაკავებას მალევე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულა“. არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი „ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავენ შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“.

„მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“, – წერია ტელეკომპანიის მიერ 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის ჟურნალისტების დაკავებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:

„ქუჩის გადაკეტვა მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ არის, დარღვევაა, კანონი ვერ იქნება დისკრიმინაციული, რაღაც ეპატიოს ჟურნალისტს და ინჟინერს – არა, კანონი ეხება ყველას“.

აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით დაკავებულ აქტივისტს, ნინო ბერუაშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „სახის დაფარვის“ ბრალდებით დაკავებულ თემურ სარალიძეს კი მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

„შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ“ კანონმდებლობაში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“, დაჩქარებული წესითა და წინააღმდეგობის გარეშე, 16 ოქტომბერს მიიღო. იმავე დღეს კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend