კატეგორიები
გამოხმაურება პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით
კუბი

გამოხმაურება პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმესთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს სამართალდამცველებმა დააკავეს ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი.

ექიმის შვილმა, კოტე ჩახუნაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მამამისთან პოლიცია იყო შესული, რის შემდეგაც, მათ საცხოვრებელ სახლთან მისი კოლეგები, ჟურნალისტები და აქციის სხვა მონაწილეები მივიდნენ. ამ ამბიდან მალევე კი, ადგილზე პოლიციის მობილიზება დაიწყო და ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

ექიმის დაკავებასთან დაკავშირებით კი გამოხმაურებები არ წყდება – მისი კოლეგები სხვადასხვა პლატფორმაზე ამ დრომდე აქვეყნებენ სოლიდარობისა და მხარდაჭერის წერილებს.

ექიმის დაკავებას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე:

„არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგამს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს – უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით, ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს“.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი უცხადებს სოლიდარობას გოგი ჩახუნაშვილს და წერს მისი საქმიანობის შესახებ. ჰყვება, თუ რა წვლილი შეიტანა მან ქართული მედიცინის განვითარებაში.

ამ ამბის შესახებ პედიატრ თემურ მიქელაძეს სოციალურ ქსელში პოსტი არ გამოუქვეყნებია, თუმცა მასთან ინტერვიუ გამოცემა „ნეტგაზეთმა” ჩაწერა. ის მხარს უჭერს გოგი ჩახუნაშვილს და მზადაა, თავდებში ჩაუდგეს დაკავებულ კოლეგას.

თემურ მიქელაძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა.

კლერ­მონ-ფე­რა­ნის ენ­დოს­კო­პი­უ­რი ქი­რურ­გი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა კო­ლე­გის, გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის, და­კა­ვე­ბას და წერს:

„ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების ისტორიას არ ახსოვს ექიმები დაეპატიმრებინოთ, ბორკილებდადებული გაეტაცოთ საკუთარი ბინიდან ღამით, პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო. ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების პირობებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც სსრკ-ს ისტორია გავიხსენოთ”.

პედიატრი ამ დროისთვის ზაჰესის იზოლატორში იმყოფება.

Latest video