ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების ახალ მექანიზმებს.
კენჭისყრაზე რეფორმას მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს 518-მა წევრმა, მოწინააღმდეგე მხოლოდ 96 იყო. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 24-მა კანონმდებელმა.
ცვლილებების თანახმად, ევროკავშირი უფრო მარტივად შეძლებს მესამე ქვეყნებისთვის უვიზოდ გადაადგილების შეჩერებას.
დამატებით მექანიზმებად განისაზღვრა: ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები, გაეროს წესდების უგულებელყოფა, ევროკავშირის ვიზების პოლიტიკასთან შეუსაბამობა, საკითხები, რომლებიც ევრობლოკის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ასევე უვიზოდ მიმოსვლის მქონე სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესება.
ევროკავშირს უვიზოდ გადაადგილების წესი აქვს 61 სახელმწიფოსთან, მათ შორის, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოსთანაც.