მთავარისპორტიჭადრაკ-კრივი - სპორტი, რომელიც ძალასა და ინტელექტს აერთიანებს

ჭადრაკ-კრივი – სპორტი, რომელიც ძალასა და ინტელექტს აერთიანებს

„მოდიან დარბაზში, საბრძოლო ხალიჩაზე გაფენენ დაფას, თან მიდის ჭადრაკი და თან მიდის კრივი“, – ამბობს ნუკრი მჭედლიშვილი, მთავარი მწვრთნელი.

ეს უჩვეულო სპორტი ჭადრაკ-კრივია. აქ წარმატების მისაღწევად უნდა იყო როგორც კარგი მოჭადრაკე, ასევე ძლიერი მებრძოლიც — გამარჯვებისთვის გონების სისწრაფე და ფიზიკური გამძლეობა ერთნაირად აუცილებელია.

ჭადრაკ-კრივის პირველი კლუბი ბერლინში, ჰოლანდიელმა ხელოვანმა  და ათლეტმა იპე რუბინგმა 2000-იანი წლების დასაწყისში დააარსა. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღეს მის ასპარეზობებზე 50-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და ყოველწლიურად მსოფლიო ჩემპიონატებიც ტარდება.

„ორი წლის წინ აღმოვაჩინეთ, შემთხვევით, ერთ-ერთ ტურნირზე ყოფნის დროს საზღვარგარეთ. რამდენიმე სახეობაში ტარდებოდა ერთდროულად ბრძოლა. მათ შორის დავინახეთ, რომ რინგზეც ჩხუბობდნენ ბიჭები და თან ჭადრაკს თამაშობდნენ მორიგეობით. ერთი რაუნდი თუ კრივი იყო, მეორე რაუნდი ჭადრაკი იყო. დაგვაინტერესა ამ სახეობამ და ვიკითხეთ. აღმოჩნდა, რომ 50-ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული ჭადრაკ-კრივის მსოფლიო ფედერაციაში”, – ამბობს ნუკრი მჭედლიშვილი, მთავარი მწვრთნელი.

ჭადრაკ-კრივის წესები კი ასეთია:

„როგორც წესი სულ 5 რაუნდი გრძელდება ბრძოლა – ჭადრაკი, კრივი, ჭადრაკი, კრივი და ჭადრაკი ისევ. უმეტესწილად მე-5 რაუნდამდე არასდროს არ მიდის. ამ ოთხ ან მაქსიმუმ 5 რაუნდში გამოჩნდება ვინ არის გამარჯვებული”, – ამბობს ნუკრი მჭედლიშვილი, მთავარი მწვრთნელი.

ამ სპორტს საქართველოშიც მისდევენ. რამდენიმე კვირის წინ სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი გამოვიდა – მათგან ოთხმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, დანარჩენებმა კი საპრიზო ადგილები გაინაწილეს.

ერთ-ერთი გამარჯვებული 16 წლის ნიკოლოზ მესხიაა. ის ამბობს, რომ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში ბაბუამ ასწავლა და დღეს ეს ცოდნა პროფესიონალურ სპორტშიც ეხმარება.

„ასე თუ ისე ნორმალურად ვთამაშობდი ჭადრაკს. ახლახან, 23 სექტემბერს ჭადრაკ-კრივში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატში სერბეთში, სადაც ვცადე ჩემი ბედი და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. ფინალში შემხვდა რუსი მოწინააღმდეგე, რომელმაც მატი ჩამისვა, მაგრამ პირველი რაუნდი მქონდა კრივში აშკარა უპირატესობით მოგებული, ამიტომ კენჭისყრა ჩაატარეს, ამოვიდა კრივი და კრივში შევძელი გამარჯვება“, – ამბობს ნიკოლოზ მესხია, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკ-კრივში.

„წინა წელს გავიგე ამ სპორტის შესახებ. როცა ეს გავიგე, შეჯიბრებაზე ვიყავი ინგუშეთში, სადაც დავაკვირდი, რომ რამდენიმე ადამიანი თან ჭადრაკს თამაშობდა, მერე კი რინგზე ადიოდა და იქ იბრძოდნენ. დამაინტერესა, მომინდა, გამერკვია თუ რამდენად შემეძლო მეც ამ სპორტში ჩართვა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მიყვარს ჭადრაკი და კრივსაც ბავშვობიდან მივყვები. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემი თავი გამოვცადე და ყველაფერი გამოვიდა“, – ამბობს რევაზ მჭედლიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკ-კრივში.

საქართველოში ჭადრაკ-კრივი თანდათან ვითარდება. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი ინტერესდება ამ დისციპლინით და მასში საკუთარ შესაძლებლობებს ამოწმებს.

„საშიში არის ძლიერი მებრძოლი და სპორტსმენი, თუ ის არ არის განათლებული. ჩვენ ყოველთვის ვაქეზებთ ბავშვებს, რომ წიგნი იქნება ეს თუ ჭადრაკი, ზოგადად ხელოვნება და მეცნიერება – ამ მიმართულებით აუცილებლად იყვნენ აქტიურები და ასევე ჯანმრთელობა იქნება თუ საბრძოლო და თავდაცვის უნარი, ორივე ჰქონდეთ განვითარებული“, – ამბობს ნუკრი მჭედლიშვილი, მთავარი მწვრთნელი.

ჭადრაკ-კრივის მთავარი დევიზი ასეთია: „ბრძოლა მიმდინარეობს რინგზე, ომი – საჭადრაკო დაფაზე“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend