„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მის საკანში მისთვის უცნობი, სპორტული აღნაგობის პირი შევიდა და მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.
ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი, რომელშიც ის მომხდარის შესახებ დეტალურად ჰყვება, მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
„11 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, გაიღო ჩემი საკნის კარი (სადაც მარტო ვიყავი ბოლო 1 კვირა, ვიდეო მეთვალყურის ქვეშ, საკანში განთავსებულია 2 ვიდეოკამერა, ვიცი, რომ ვიდეოთვალი მუშაობს და 24 საათი მაკვირდებიან) და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება (მაღალი, სპორტული აღნაგობის, ეცვა თეთრი ფერის მაისური და ჯინსის შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი).
ჩემთვის მას არ უთქვამს, ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ „აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა”, მე ვუთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა (მივხვდი, რომ პროვოკაციისთვის იყო ეს პირი შემოშვებული). აღნიშნულის შემდეგ მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვთხოვე, შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მიკბინა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე „ე“ ბლოკის დღის უფროსმა, არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი, თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რასაც ჩემდა გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა.
შემდეგ ისევ გაგრძელდა ჩხუბი, საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა (მე არ მეკუთვნოდა, საკანში დამხვდა ეს ჭიქა, სავარაუდოდ სხვა პატიმრის), რომელიც აიღო და თავზე გადამაფშვნა, რის შემდეგაც მუხლებზე დავეცი და წამიერად გონება დავკარგე. გონზე მოსვლის შემდეგ ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევის მოქნევას ცდილობდა ყელისა და სახის არეში, თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში.
რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი. ვთხოვდი, დამშვიდებულიყო და თავი დაენებებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ არჩილმა შემოაღო კარი და ამ პირს სთხოვა გამოსულიყო საკნიდან და ერთად გავიდნენ. საკანში იყო სისხლის გუბე, კედლებიც სისხლით იყო დასვრილი, ვითხოვდი შეხვედრას ციხის უფროსთან. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ჩემთან მოვიდა ციხის უფროსი და გამიყვანა მორიგე ქირურგთან.
ციხის უფროსმა მითხრა, რომ ეს პიროვნება იყო მსჯავრდადებული, (სახელი/გვარი არ უთქვამს) და მისი განკარგულებით შემოუშვეს (შესახლების მიზნით) და არ იცოდა, თუ იჩხუბებდა. თუმცა, ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან ეს მუქარის გზავნილის აღსრულება იყო“.
გიორგი ბაჩიაშვილი ამავე წერილში წერს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა მე-8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან შეხვედრა, რომელიც, მისი თქმით, მას სთხოვდა „ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა”.
„2025 წლის 8 ივლისს, 21:00 საათზე, დამიბარა N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა, რომელიც გამეცნო მეგობრულად და რამდენჯერმე მირჩია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გამეხსნა, აინტერესებდა, თუ როგორ მოვახერხებდი ტექნიკურად ამ ყველაფერს. ვუპასუხე, რომ ამ პირობებში როცა ჩემი და ასევე ჩემი ოჯახის ქონებაზე მიდის ნადირობა, თავად კი ვარ გამომწყვდეული, ყველა უფლების დარღვევით, არ მიმაჩნდა მიზანშეწონილად, რაზეც დავითისგან შემდეგი პასუხი მივიღე „გიორგი, არ ხარ შენ იმ სიტუაციაში, რომ პირობები დააყენო, ხომ იცი ციხეში ყველანაირი ადამიანი ზის, „გიჟიც” და ნაკლებად „გიჟიც“. საუბარი იყო მეგობრული ტონით და იმ მომენტში მე ეს მუქარად არ აღმიქვამს“, – წერს ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. როგორც უწყება წერს, „ბაჩიაშვილი განთავსებული იყო არა სამარტოო, არამედ 4 ადგილიან საცხოვრებელ საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე“.
პენიტენციური სამსახური არ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, თუ როდის შეასახლეს ინციდენტში მონაწილე პირი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში.
„დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში გამოვლინდა მსჯავრდადებულ გ.ბ.-სა და მასთან საკანში მყოფ პატიმარს შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორივე მსჯავრდადებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის გამოვლენის დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – წერს პენიტენციური სამსახური.
მოგვიანებით მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმაც, რომლის წარმომადგენელიც უკვე შეხვდა გიორგი ბაჩიაშვილს.
„12 ივლისს სახალხო დამცველის აპარატს მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდადებული გიორგი ბაჩიაშვილი დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ შეხვდა და ესაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდადებულს.
სახალხო დამცველის აპარატმა ზემოხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უკვე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტსა და მე-8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.
სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ძალადობასთან დაკავშირებული ყველა რელევანტური გარემოება, მათ შორის, დაწესებულების ადმინისტრაციის დანაშაულებრივ ქმედებაში რაიმე ფორმით შესაძლო მონაწილეობის, ასევე მსჯავრდადებულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების ეფექტიანი მართვის ირგვლივ”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარის შესახებ ბრიფინგი გამართა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი“, – განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მდგომარეობა დღეს არის საგანგაშო.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის, წინააღმდეგ საქმე თავად ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“. ის ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილს ამ საქმეზე გირაო შეუფარდეს, მან საქართველო ფარულად დატოვა, თუმცა 27 მაისს გახდა ცნობილი, რომ ის დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის წითელ ხიდსა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა და თავად ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.