მთავარიაზიაღაზა„აქ არაფერია უსაფრთხო“ - პალესტინელები ისრაელის მორიგ იერიშზე საუბრობენ

„აქ არაფერია უსაფრთხო“ – პალესტინელები ისრაელის მორიგ იერიშზე საუბრობენ

ახლო აღმოსავლეთში გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია. 21-თვიანი ომის დასასრულებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა ამ დროისთვის  57 ათასს აჭარბებს, ამ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ადგილზე ყოველდღიურად მწვავდება  ჰუმანიტარული კრიზისი. ის, ვინც ომს გადაურჩა, ახლა ცდილობს, შიმშილს გაუმკლავდეს.

ღაზაში ისრაელის ავიაიერიშებს მხოლოდ 3 ივლისიდან 4 ივლისამდე პერიოდში 94 პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის არის 45 მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდნენ. ღაზაში იერიშები მიტანილი იყო სკოლაში განთავსებულ თავშესაფარზეც. პალესტინელები ოჯახის წევრებს მორგებში ემშვიდობებიან… აქ არიან ის ბავშვებიც, რომლებიც მშობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე, მზრუნველობის გარეშე დარჩნენ. არავის აქვს პასუხი, როგორ უნდა გაგრძელდეს მათი ცხოვრება ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე.

„საჰაერო იერიში დაახლოებით 5 მეტრში მოხდა. აფეთქებების ხმამ გამოგვაფხიზლა. მყავს ხუთი ქალიშვილი და შვილიშვილები. ბავშვები დაშავდნენ. ჩემი ბიძაშვილის ვაჟი კი დაიღუპა. ამბობენ, რომ ეს უსაფრთხო ზონაა. ეს არის უსაფრთხოება? აქ არაფერია უსაფრთხო”, – ამბობს პალესტინელი ფათი აბუ შაბი.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად, ისინი უზრუნველყოფენ რეგიონში ამერიკული კომპანიის – „ღაზის ჰუმანიტარული ფონდის“ მიერ დახმარების მიწოდებას.

პალესტინელი თვითმხილველებისა და ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მათაც, ვინც დახმარების მიღებას ცდილობდა. დაღუპული და დაშავებულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. თუმცა ისრაელი უარყოფს ამ ფაქტს  და აცხადებს, რომ ცნობები იმის შესახებ, თითქოს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებში ადამიანები იღუპებიან,  სიცრუეა. მათი თქმით, ეს „ჰამასის“ მორიგი პროპაგანდაა, რომლის მიზანი ჰუმანიტარული დახმარების სისტემის დაზიანებაა.

„ღაზაში საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ, რათა შესაძლებელი გავხადოთ ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ამერიკული კომპანიის მეშვეობით. „ჰამასის“ წინააღმდეგობისა და მისი აქტიური მცდელობის მიუხედავად, ზიანი მიაყენოს ჰუმანიტარული დახმარების პროცესს, ღაზის მოსახლეობა ჩვეულებრივად მიდის ამ პუნქტებში.  დღემდე საკვების მილიონამდე  პაკეტი გადაეცა მოსახლეობას. ეს არის განვითარებადი ოპერაციული მოდელი. ჩვენ  თითოეულ შემთხვევას ვითვალისწინებთ და ვცდილობთ პროცესის გაუმჯობესებას. გავრცელებული ცნობები, თითქოს განაწილების ჰაბებში მასობრივად იღუპებიან ადამიანები, სიცრუეა. ეს „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის მორიგი პროპაგანდაა, რომლის მიზანია, ზიანი მიაყენოს დახმარების პროცესს. სამწუხაროდ, მსგავსი ცრუ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

„ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ მათი ოჯახები, რომლებიც ქალაქ ნეთანიაში შეიკრიბნენ. მათ ისრაელში გერმანიის ელჩი შტეფენ ზაიბერტიც შეუერთდა. მათი თქმით, ღაზაში სასწარფოდ უნდა შეწყდეს ომი. თუმცა რა პირობებს დასთანხმდება ამას ისრაელი, ჯერჯერობით უცნობია.  მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები მიიტანეს, შეთანხმების მისაღწევად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„ცხადია, რომ მხოლოდ შეთანხმებაა ყველაზე საიმედო გზა მძევლების დასაბრუნებლად. ასე იყო წარსულში და კვლავ შეიძლება ასე მოხდეს. არა ომით, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება, არამედ შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია „ჰამასთან“ რამის მიღწევა, ამ შეთანხმების მიზანია  მძევლების დაბრუნება; ომის დასრულება და ახალგაზრდა ისრაელელი ჯარისკაცების სიკვდილის შეჩერება ღაზაში. ასევე იმ ასეულობით ათასი პალესტინელი სამოქალაქო პირის გათავისუფლება, რომლებიც 20 თვის განმავლობაში იტანჯებიან”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა ისრაელში შტეფენ ზაიბერტმა.

ისრაელის პრემიერის თქმით, მას აქვს პასუხისმგებლობა, ღაზაში დარჩენილი მძევლები დააბრუნოს და აღადგინოს კიბუცი, რომელიც კვლავ ძლიერ დაზიანებულია.

„ვგრძნობ ამ საზოგადოების ტრავმას, ტკივილს, მწუხარებას, რომელიც მთელ თემს დაატყდა თავს  და რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ვაცნობიერებ  ჩემს პასუხისმგებლობას, რომ  ყველა მძევალი უნდა დავაბრუნოთ, მათგან 20 ჯერ კიდევ ცოცხალია, არიან დაღუპულებიც. ჩვენ ყველას დავაბრუნებთ სახლში“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ღაზაში უკვე 21 თვეა, მიმდინარეობს ომი, რომელსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მძევლების ოჯახის წევრები კვლავ ითხოვენ ახლობლების დაბრუნებას. თუმცა ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში გრძელდება და მთავარი კითხვა – რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი და თუ დასრულდება, რის ფასად – კვლავ უპასუხოდ რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend