ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის ბოლო ავიაიერიშებს 39 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა.
ისრაელმა 29 ივნისს საჰაერო იერიშები მიიტანა ცენტრალურ ღაზაზე, სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტები აქტიურად მუშაობენ. ჯანდაცვის სამინისტროს გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, ფარეს ავადის თქმით, ადგილზე ათეულობით დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ამ ადგილას იყვნენ ბავშვები, ქალები, ოჯახები… ისინი უბრალოდ ისხდნენ, როცა მოულოდნელად გამოჩნდა F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავი, რომელმაც დაბომბა აქაურობა. ათეულობით ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. ეს იყო ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა. ჯერ კიდევ აგროვებენ ცხედრების ნაწილებს“, – ამბობს ღაზაში მცხოვრები ალი აბუ ეტეილა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს დასისხლიანებული და დანაკუწებული ცხედრები. ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამად აბუ სლეიმამ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ თავდასხმიდან შემდგომი ერთი საათის განმავლობაში კლინიკაში 100-ზე მეტი დაშავებული შეიყვანეს. ამავე კლინიკაში გადაასვენეს 39-ვე ცხედარიც.
დასავლეთ სანაპიროს ქალაქ კფარ მალიკში გასულ კვირას სამი პალესტინელი მოკლეს და მათ ქონებას ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე პალესტინის ავტონომიის დიპლომატიური წარმომადგენლები და საერთაშორისო ელჩები, მათ შორის ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ შტუცმანი ჩავიდნენ.
26 ივნისს კი ქალაქ კფარ მალიკში 100-ზე მეტმა ისრაელელმა ცეცხლი გაუხსნა პალესტინელებს. სწორედ ამ თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 3 პალესტინელი. ევროკავშირის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუცმანმა მომხდარს სასტიკი ძალადობა უწოდა და ისრაელის მთავრობას კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
„ეს არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, აღკვეთოს მსგავსი თავდასხმები და ძალადობრივი მოქმედებების ჩამდენი პირები პასუხისგებაში მისცეს“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ალექსანდრ შტუცმანმა.
პალესტინელი მაღალჩინოსნები და ადგილობრივი მოსახლეობა საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვენ, დაიცვან პალესტინელების ფუნდამენტური უფლებები და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო ცხოვრებას.
დასავლეთ სანაპიროზე ამჟამად 3 მილიონამდე პალესტინელი ცხოვრობს და მათ ისრაელის სამხედრო კონტროლის პირობებში უწევთ ცხოვრება.
დასავლეთ სანაპიროს, ღაზასა და აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინელები დამოუკიდებელი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ. თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებიდან იზრდება საფრთხეები და მათი მტკიცებით, სწორედ ამიტომ იღებენ უსაფრთხოების შესაბამის ზომებს.