23 ივნისს თბილისში, პარლამენტთან „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე, კიდევ ერთხელ დააკავეს პოეტი ზვიად რატიანი, ამჯერად, სისხლის სამართლის წესით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზვიად რატიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი დაკავების კადრები სოციალურმა პლატფორმამ Protest 24-მა გაავრცელა. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დღეს, 24 ივნისს, ზვიად რატიანისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.
„ასეთია ამ ქვეყნის სამართალი. სანამ საზოგადოება ძილბურანშია, ყოველდღიურად იცვლება ქვეყნის კანონმდებლობა, ყოველდღიურად იკვეცება ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებები. როდესაც საზოგადოების მიძინებულ ფრთას პირადად შეეხება ეს ყველაფერი და ძალაუნებურად გამოღვიძება მოუწევს, აღმოაჩენს, რომ ჰოი საოცრებავ, არ დარჩენილა კანონი, რომელიც მათ დაიცავს, და სავარაუდოდ, არ დარჩენილა ადამიანიც, ვინც მათ დაიცავს, რადგან უბრალოდ ყველა ციხეში იქნება”, – წერს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში.
ზვიად რატიანი აქციაზე პირველად 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს დააკავეს. მაშინ მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. 2024 წლის 2 დეკემბერს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ზვიად რატიანს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც 2024 წლის 9 დეკემბერს მან დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.