საქართველოს პროკურატურამ,პატიმრობაში მყოფ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა მელიას კიდევ ერთი ახალი ბრალი წარუდგინა. საგამოძიებო უწყება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ეპიზოდზე ედავება.
როგორც პროკურატურა განმარტავს, ნიკა მელიამ სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი დაარღვია, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა საქმის განმხილველი მოსამართლის შეურაცხყოფით. კერძოდ, ნიკანორ მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს წყალი შეასხა, სხდომის დარბაზიდან გაძევების შემდგომ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.“ – წერია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კოალიცია „ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, „ნიკა მელია მორიგ ჯერზე რეპრესიების მსხვერპლია“.
„ბუნებრივია, მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთან, რეპრესიებს აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო, შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ, სისტემას არაფერი გამოუვა. არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება. მათაც და საზოგადოებასაც მინდა ვუთხრა, იმედია, ციხეში გვისმენენ, რომ 23 ივნისის კვირაში, PACE-ში გაიმართება დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას მელიას, ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის საკითხი იქნება განხილული. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 30 მაისს, პარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეეფარდა.