აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქიას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანა და მისი აცილების შუამდგომლობა დააყენა. სასამართლოს აცილება არ დაუკმაყოფილებია.
ადვოკატმა მოსამართლის აცილება იმის გამო მოითხოვა, რომ მას საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ექსპერტის დაკითხვის შესაძლებლობა არ მიეცა.
საბა ჯიქია 2025 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. მას 19 წელი პატიმრობაში შეუსრულდა. სტუდენტს ედავებიან, რომ მან 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფეხი დაარტყა.
საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის ზომად შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა აქციებისას დაკავებული სხვა ახალგაზრდების საქმეებიც. მორიგი სხდომა გაიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვის საქმეზე. ასევე, დავით ხომერიკის საქმეზეც. ამ უკანასკნელს, პროკურატურა ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა-განთავსებას ედავება.