სამოქალაქო აქტივისტები, ტელეწამყვანები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სასამართლოში დაიბარეს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატების წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები და უწყება მათ დაჯარიმებას ითხოვს.
მათ შორის ერთ-ერთია ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს. მისი თქმით, დეპუტატ მარიამ ლაშხის შესახებ დაწერილი სტატუსის საფუძველზეა მის წინააღმდეგ საჩივარი, რომელშიც ჟორჟოლიანმა ლაშხს “მონა” უწოდა.
ასევე საჩივრის შესახებ განაცხადეს ტელეწამყვანებმა ვახო სანაიამ, ეკა მიშველაძემ და გამოაქვეყნეს ფეისბუკ-სტატუსები, რომლის გამოც უჩივიან. საჩივარი მიიღეს ჟურნალისტებმა – ვიკა ბუკიამ, მიშა მშვილდაძემ, დეა მამისეიშვილმა. მამისეიშვილი აცხადებს, რომ ის სასამართლოში მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის გამოა დაბარებული.
საჩივარია შეტანილი ასევე აქტივისტების, ბაია პატარაიას, ანა სუბელიანის, დავით ქაცარავას, გიორგი ქადაგიძისა და ქეთი მოლაშვილის წინააღმდეგ, პოლიტიკოსებს შორის კი უჩივიან ლევან ხაბეიშვილს, ელენე ხოშტარიას, ალეკო ელისაშვილსა და თამარ ჩერგოლეიშვილს.
ჩერგოლეიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები.
ბოლო ინფორმაციით საუბარი არის დაახლოებით 20-მდე ადამიანზე.