„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო – მან გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური იყო როგორც სასამართლოს შენობაში, ისე მის მიღმა – სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. პოლიტიკოსის გულშემატკივრებს ადგილზე მობილიზებული პოლიციელები სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მათი ნაწილი კი, ვინც სასამართლოს შენობაში შესვლა მოახერხა, მოგვიანებით შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
სხდომის დაწყებამდე, და მას შემდეგაც, დაცვის მხარე დარბაზის შეცვლას ითხოვდა – მათი განმარტებით დარბაზი ძალიან პატარა იყო და მსურველებს პროცესზე დასწრების საშუალება არ ეძლეოდათ. მოსამართლის შეფასებით, „სხდომის საჯაროობა“ მცირე ზომის დარბაზშიც უზრუნველყოფილი იყო. ამასთან, მისივე თქმით, სასამართლოს სხვა დარბაზები დაკავებული იყო. შესაბამისად, ირაკლი შვანგირაძემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოგვიანებით ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს. მათი შეფასებით, ირაკლი შვანგირაძე საქმეს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად არ განიხილავს. სასამართლოს არც ეს შუამდგომლობა დაუკმაყოფილებია. არ დაკმაყოფილებულა დაცვის მხარის მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძისა და მისი მოადგილის, სერგი ბზიშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებითაც.
მოგვიანებით ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება ზურაბ ჯაფარიძესთან შეთანხმებით მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ განაცხადა უარი სხდომათა დარბაზის შეცვლაზე.
ზურაბ ჯაფარიძემ მოსამართლეს სახაზინო ადვოკატის გამოყოფის მოთხოვნით მიმართა. მოსამართლემ ამაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ზურაბ ჯაფარიძის დაცვის სურვილი დარბაზში მყოფმა ადვოკატმა, ქეთი ჩომახაშვილმა გამოთქვა. მან თქვა, რომ ცოტა დრო სჭირდებოდა, რათა საქმის მასალებს გასცნობოდა. ირაკლი შვანგირაძემ ამაზეც უარი თქვა – მისი პოზიციით, დაცვის მხარის მიზანი პროცესის გაჭიანურება იყო.
სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღის განმავლობაში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება იყო. იქვე იყვნენ შეკრებილი ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
„ეს პოლიტიკური დაკვეთა და დავალებაა – წულუკიანის „ღალატის კომისიის“ შედეგი, რომლის მიზანიც, ერთი მხრივ, საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერა და 2008 წლის ომის საქართველოსთვის დაბრალება, მეორე მხრივ კი, ოპოზიციის დევნა, რეპრესიები და საზოგადოების დაშინებაა“, – განაცხადა საქალაქო სასამართლოსთან მისულმა თინა ბოკუჩავამ – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ.
პროკურატურა ზურაბ ჯაფარიძეს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. მას 16 აპრილს სასამართლომ 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსმა გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.