კრემლსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საინვესტიციო ხელშეკრულების“ საკითხი კვლავ უთანხმოების საგანია.
რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-თან საუბრისას რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ თითქმის 34 წლის წინ გაფორმებულმა შეთანხმებამ მხარეებს მხოლოდ სარგებელი მოუტანა, აფხაზეთს კი ეკონომიკური კეთილდღეობა.
„რაც შეეხება საინვესტიციო შეთანხმებას – ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია უნდა იყოს დაცული. ჩვენ აფხაზეთთან 1990-იანი წლებიდან გვაქვს გაფორმებული შეთანხმება ინვესტიციებისა და კაპიტალის დაცვის თაობაზე. მასსა და ცალკეულ პროექტებზე ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე აფხაზეთში ხორციელდება რიგი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც არ ყოფილა საბჭოთა კავშირის დროიდან. მითუმეტეს, ამ პროექტებში არა მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო კაპიტალი, არამედ კერძო ინვესტიციებიც იდება. როგორც იცით, პირველ მაისს მოსკოვიდან სოხუმში, 30 წლის შემდეგ პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. ჩვენ გავაცოცხლეთ ბაბუშერას აეროპორტი. ეს ყველაფერი მსხვილი რუსი ინვესტორის დამსახურებაა…“ – განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა.
რუსი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, სოხუმის აეროპორტში უხელფასობის გამო იმ სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ, რომლებიც ობიექტის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისთვის დაიქირავეს. ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „ოპოზიცია“ აცხადებს, რომ გაფიცვამ რამდენიმე დღის წინ ელექტრომომარაგების წყვეტა გამოიწვია, რის გამოც ფრენების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სისტემა სრულად გაითიშა. მიუხედავად პრობლემის მოგვარებისა, ადგილობრივი მედია წერს, რომ საკითხის სრულად გადასაჭრელად მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები და დანადგარებია საჭირო, რისი რესურსიც ოკუპირებულ აფხაზეთს არ აქვს.
„საინვესტიციო შეთანხმებაზე“ მოსკოვის პოზიციისგან განსხვავებულად ფიქრობენ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ოპოზიციური პარტიები“. ერთობლივ მიმართვაში მათ „ნაადრევი“ უწოდეს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებას. სოხუმში რუსეთის ხელისუფლებას ახსენებენ, რომ „საინვესტიციო ხელშეკრულების“ გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხს აფხაზეთში საზოგადოებრივი ვნებათაღელვა და ყოფილი ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას, გადადგომა მოჰყვა.
„ამჟამინდელ ვითარებაში, როცა აფხაზეთის რესპუბლიკა კრიზისიდან გამოსასვლელად პირველ ნაბიჯებს დგამს, როცა არ დასრულებულა მთავრობისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების ფორმირება, ხოლო ეროვნული განვითარების პროგრამა ჯერ წარდგენილიც არაა, მსგავს ინიციატივებს ნაადრევად მივიჩნევთ და არ ასახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას.
ყველა ინვესტორისთვის სისტემური გარანტიების არარსებობის პირობებში, დიდი რუსული კაპიტალისთვის შეღავათებისა და პრეფერენციების საკითხების ხელახლა წამოჭრის ნებისმიერი მცდელობა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად აღიქმება. შესაძლოა, ამან მიგვიყვანოს აფხაზურ საზოგადოებაში დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ახალი ტალღისაკენ.
მოვუწოდებთ რუს პარტნიორებს, არ დააჩქარონ მოვლენები და განავითარონ რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ურთიერთპატივისცემის, თანაბარი უფლებებისა და ორივე ქვეყნის მოქალაქეების და არა მსხვილი ბიზნესის ვიწრო წრის წარმომადგენლების ინტერესებიდან გამომდინარე“, – წერია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო „ოპოზიციის“ ერთობლივ განცხადებაში.