ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ევროკომისია „ფაიზერის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო – სასამართლომ The New York Times-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
საქმე ეხება 2021 წლის სკანდალს, რომელიც საზოგადოებაში „ფაიზერგეითის“ სახელით გახდა ცნობილი.
სკანდალი კი დაიწყო ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ფარულად აწარმოებდა მიმოწერას ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ალბერტ ბურლასთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ კომპანიასთან ჰქონდა ევროკავშირს მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაფორმებული კოვიდ-19-ის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე.
ევროკომისია ამ მიმოწერის The New York Times-ისთვის გადაცემაზე უარს ამბობდა. The New York Times კი ამტკიცებდა, რომ ევროკომისიამ ამით გამჭვირვალობის შესახებ კანონი დაარღვია.
ევროკომისიის ოფიციალური პოზიციის თანახმად, მათ დოკუმენტები არ ჰქონდათ, „რადგან ყოველდღიურად უამრავი შეტყობინება იგზავნება ელექტრონული ფოსტისა თუ ტექსტური შეტყობინებების სახით“.
თუმცა New York Times-ის მტკიცებით, დოკუმენტებზე საჯარო ხელმისაწვდომობის შესახებ ევროკავშირის 2001 წლის რეგულაციის თანახმად, ტექსტური შეტყობინებები „დოკუმენტებად” ითვლება, ისინი უნდა იყოს შენახული და მოთხოვნის შესაბამისად, ხელმისაწვდომი.
სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიამ სათანადოდ ვერ დააზუსტა, წაიშალა თუ არა მოთხოვნილი ტექსტური შეტყობინებები და თუ წაიშალა, მოხდა ეს განზრახ თუ ავტომატურად.
ევროკომისას კი ახლა ორი თვე აქვს ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.
