მთავარიკუბირუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ ყალბ ამბებს, რომ ევროპელი ლიდერები ნარკომომხმარებლები არიან

რუსი პროპაგანდისტები ავრცელებენ ყალბ ამბებს, რომ ევროპელი ლიდერები ნარკომომხმარებლები არიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც თითქოს ამტკიცებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში გამგზავრებისას მატარებელში კოკაინის შეკვრას მალავდა.

მატარებელში გადაღებულ ვიდეოკადრებში მაგიდაზე ჩანს დაჭმუჭნილი ქაღალდის ხელსახოცი, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი მაკრონი ჯიბეში იდებს. სწორედ ამ კადრებზე დაყრდნობით კრემლის მიმართ ლოიალური მედიასაშუალებები და პროპაგანდისტული არხები ამტკიცებენ, რომ მაკრონი კოკაინის გადამალვას ცდილობდა. ამ ფაქტს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში ქვეყნის მტრების მიერ გავრცელებული ტყუილი უწოდეს.

რუსმა პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელ telegram-ზე ირონიულად მიუთითა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლოა კოკაინს მოიხმარდნენ უკრაინაში ვიზიტის დროს.

„ევროპის ბედს წყვეტენ ყოველმხრივ დამოკიდებული დროებითი მმართველები”, – დაწერა მარია ზახაროვამ „ტელეგრამის” ოფიციალურ გვერდზე და ამავდროულად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „გაუწონასწორებელი ნარკომანი“, რომელიც უკვე ბევრი წელია, კოკაინზეა დამოკიდებული. მარია ზახაროვა ასევე იმასაც წერს, თითქოს ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა მას უთხრა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ევროპელ ლიდერებს შორის ჩვეულებრივი ამბავია.

რუსულ დეზინფორმაციას მალევე უპასუხა ელისეს სასახლემ. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში ქვეყნის მტრების მიერ გავრცელებული ტყუილი უწოდეს ინფორმაციას, რომ კიევისკენ მატარებლით მომავალი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების მაგიდაზე იდო ნარკოტიკი, რომლის დამალვასაც საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობდა. სინამდვილეში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მაგიდიდან იღებს უკვე გამოყენებულ, ქაღალდის დაჭმუჭნილ ცხვირსახოცს და ჯიბეში იდებს. ახლო კადრი ელისეს სასახლემ 12 მაისს გამოაქვეყნა წარწერით: „ეს არის ცხვირსახოცი ცხვირის მოსახოცად”.

საფრანგეთის ადმინისტრაცია ასევე ყველას მოუწოდებს, რომ მანიპულაციისადმი სიფრთხილე გამოიჩინონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend